კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ, დღეს მედიასთან საწვავის გაძვირების რამდენიმე ფაქტორი დაასახელა. მისი თქმით, არის მოლოდინი,რომ ოქტომბერში საწვავის გაძვირების მიმართულებით ფასები კიდევ დაკორექტირდეს.
„100%-ით საწვავის იმპორტიორი ქვეყანა ვართ. რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს მსოფლიოში საწვავის ფასის ზრდას. ეს არის: რიგი ქვეყნების გადაწყვეტილება მოპოვების შემცირების შესახებ, მათ შორის, ჩვენი მეზობლის გადაწყვეტილება საწვავის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ, ჩინეთის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები გაზრდილი მოთხოვნის შესახებ. თუ ფასს შევხედავთ, ბოლო თვეებია 750 დოლარიდან 1000 დოლარს გადასცდა ფასი. ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასი $75-დან $95-მდეა გაზრდილი. იგივე შემიძლია გითხრათ რუსულ საწვავთან დაკავშირებით -$55-დან 80 დოლარამდეა ფასი. ალბათ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ეს არის ის პროცესები, რაც გავლენას ახდენს საქართველოში საწვავის ფასზე“, -განაცხადა ლექვინაძემ.
მისივე თქმით, უკვე ამოიწურა რესუსი, როცა კომპანიებს შეეძლოთ დაბალი ფასის გამო საწვავზე ფასი შეემცირებინათ.
„ოქტომბერში ჩვენ შეიძლება გარკვეულწილად ველოდოთ ფასების კორექტირებას ზრდის მიმართულებით. გრძელვადიანი პროგნოზი დამოკიდებული იქნება მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებზე. გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია, თუმცა გარკვეული პერიოდი ალბათ შეიძლება ფასის კორექტირებას ისევ უნდა ველოდოთ ზრდის მიმართულებით“, - აღნიშნა ლექვინაძემ.
მისივე თქმით, კონკურენციის სააგენტო პერიოდულად გამოაქვეყნებს შუალედურ ანგარიშებს.
„თუ ჩვენ დავინახავთ საწვავის ფასზე არასაბაზრო ფაქტორების გავლენას, როგორც ეს გასული წლის აგვისტოში დავინახეთ და შევაფასეთ 2022 წლის 8 თვიანი პერიოდი, ბუნებრივია, შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ,“ - განაცხადა ლექვინაძემ.
კონკურენციის სააგენტოს განმარტებით 5 ნავთობკომპანიის დაჯარიმების მიზეზი„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა გახდა, რაც ეკონომიკურ აგენტებს შორის ისეთი ხელშეკრულების დადებას, ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, ან ისეთ შეთანხმებულ ქმედებას გულისხმობს, რომლის შედეგადაც ბაზარზე კონკურენცია შეიზღუდა.
ყველაზე დიდი ჯარიმა „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ („გალფი“) დაეკისრა.
5-მა ნავთობკომპანიამ 4-მილიონამდე ჯარიმის გაუქმების მოთხოვნით კონკურენციის სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
უახლესი