დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნატურალური წვენების ბრენდი „მაისი“ აშშ-ის ბაზარზე შედის

ნატურალური წვენების ბრენდი „მაისი“ აშშ-ის ბაზარზე შედის

12-07-2024 17:00:00

 

ჩვენი სურვილია საექსპორტო ბაზრებზე გასვლა და გვაქვს მოლოდინი, რომ პროდუქციის 80% ექსპორტზე, ხოლო 20% ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ხილის ნატურალური წვენების კომპანია „მაისის“ დამფუძნებელმა თორნიკე ჩხაიძემ განუცხადა.

მეწარმის ინფორმაციით, მალე „მაისის“ პროდუქცია აშშ-ის ბაზარზე გამოჩნდება.

„ჩვენი პროდუქციის შესყიდვით აზერბაიჯანში რამდენიმე რესტორნის ქსელია დაინტერესებული. აშშ-ში პროდუქციის პირველი პარტია მალე გადაიტვირთება და დაიწყება საცდელი გაყიდვები. ამ ბაზარზე „მაისის“ პროდუქციის შესყიდვით რამდენიმე კომპანიაა დაინტერესებული. ასევე ინტერესია ნიდერლანდების, დანიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზრებზე. ამ მიმართულებითაც მიდის მოლაპარაკებები. უცხოეთის ბაზრებზე დაინტერესება არის, რადგან ჩვენ ნატურალურ წვენს ვაწარმოებთ და ამ კატეგორიის პროდუქცია სულ უფრო მოთხოვნადია გლობალურ ბაზარზე. ამასთან პოზიტიური გამოხმაურებაა პროდუქციის ხარისხთან და გემოვნურ თვისებებთან დაკავშირებით“, - ამბობს თორნიკე ჩხაიძე.

„მაისის“ ნატახტრის ქარხანაში ადგილობრივი ფერმერების პროდუქციის გადამუშავება ხდება. როგორც მეწარმე ამბობს არ იყენებენ კონსერვანტებს და პროდუქცია 100%-ით ნატურალურია.

„ჩვენი მიზანია ქართული ხილი და მისგან მიღებული ნატურალური წვენი გახდეს პოპულარული. გორში ფერმერებისგან ვყიდულობთ ვაშლს, ხოლო ყურძენს კახეთის რეგიონიდან. გვყავს კონტრაქტორი და სანდო პარტნიორი ფერმერები. შემდეგ ხილის გადამუშავება ხდება ჩვენ მფლობელობაში არსებულ ქარხანაში, რომელიც ნატახტარში მდებარეობს. ვაწარმოებთ ძირითადად 5 დასახელების წვენს და ასევე ბაზრების მოთხოვნიდან გამომდინარე ვამზადებთ სხვა და სხვა შერეულ წვენებს“, - ამბობს თორნიკე ჩხაიძე.

მისი ინფორმაციით, ქარხნის წლიური წარმადობა 2,5 ათას ტონას შეადგენს, თუმცა ეს სიმძლავრე სრულად არ აქვთ ათვისებული.

„მაისის“ წვენები იყიდება ჰიპერმარკეტებსა და ჰორეკა სექტორში. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული მუდმივად, ხოლო 15 სეზონურად.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები