მთელი არსი ცვლილების არის ის, რომ რამდენად სწორია ავტომატურად შენ გაავრცელო საერთაშორისო სანქცია ისე, რომ ადგილობრივი კანონმდებლობის სპეციფიკა არ გაითვალისწინო, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სანქციების აღსრულების წესში შეტანილი ცვლილებების კომენტირებისას გააკეთა. როგორც თურნავა ამბობს, გადაწყვეტილების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ორმა ფაქტმა გამოიწვია უფრო მეტი კითხვა.
„ერთი ის, რომ მედიაში ისე გავრცელდა ინფორმაცია, იყო ეს თუ არა დისკომუნიკაციის შედეგი, მე ამაში არ შევდივარ, თითქოს წინა დღეს სებ-მა მიიღო გადაწყვეტილება ბატონი ფარცხალაძის სანქცირებაზე, ხოლო მეორე დღეს ეს გადაწყვეტილება შეცვალა/გამოიწვია - ეს იყო პირველი კითხვა.მერე კითხვა გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ შუალედში იყო პოლიტიკოსების გამოსვლები, ირაკლი კობახიძის გამოსვლა, რომელმაც თქვა, რომ სებ-ი არ მოქმედებს მთლად შესაბამისობაში და ეს გადაწყვეტილება არ არის შესაბამისობაში ქართულ კანონმდებლობასთან, საქართველოს კონსტიტუციასთან.
ახლა ერთზეც გავცემ პასუხს და მეორეზეც. პირველი, ჩვენ სანქციებს მიერთებული ვართ 2022 წლის თებერვლიდან. 26 თებერვლიდან ვართ მიერთებულები სხვადასხვა ნორმატიული აქტით, ჯერ ინსტრუქციებით, მერე უკვე ბრძანებით. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვიდრე ეს ცვლილება, დაზუსტებას სანქციების აღსრულების მექანიზმში შევიტანდით, სანქციების აღსრულება ხდებოდა ავტომატურად. ანუ ყოველგვარი შიდა პროცედურის გატარების გარეშე. ესეთი მითითება იყო ბანკებზე მიცემული. შესაბამისად, როდესაც გაჩნდა პირველი ქართველის სანქცირების ქეისი არანაირი სპეციალური ბრძანება, გადაწყვეტილება ან მითითება ინდივიდუალური ბანკებს არ დასჭირვებიათ. მათ ინერციით იმოქმედეს, მანამდე მოქმედი ბრძანებით. ეს ასე, რომ არ ყოფილიყო აბა რატომ შევიტანდით მერე ცვლილებებს ხომ? მთელი არსი ცვლილების არის ის, რომ რამდენად სწორია ავტომატურად შენ გაავრცელო საერთაშორისო სანქცია ისე, რომ ადგილობრივი კანონმდებლობის სპეციფიკა არ გაითვალისწინო. მათ შორის შენ მოქალაქეზე, მანამდე ეს მოხდა აბსოლუტურად ინერციით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავას თქმით, სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის სანქციების ავტორ ქვეყნებშიც იხვეწება სანქციების აღსრულების პროცესი. „ჩვენც თანდათან ვხვეწთ ამ პროცესს ვუყურებთ რა ამ საერთაშორისო გამოცდილებას“.
„მეორე ფაქტს, რამაც კითხვის ნიშნები გამოიწვია, ეს იყო ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც ჩვენ გაგვაკრიტიკა. საყურადღებო კომენტარი იყო, საყურადღებო გამოსვლა იყო. მაგრამ არც მე და არც სებ-ს არ სჭირდება ვინმეს მითითება, რომ ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებების აღსრულება მოვიყვანოთ მეტ შესაბამისობაში, ადგილობრივ კანონმდებლობასთან. ამ საკითხზე მუშაობა მანამდე იყო დაწყებული, მაგრამ სწორედ ჩვენ ვართ ის უწყება, სადავ გროვდება ის გამოწვევები, ის კითხვები, ის სირთულეები, ის გარკვეული შეუსაბამობები, რომელიც ამა თუ იმ შემთხვევასთან არის დაკავშირებული, როდესაც სანქციების აღსრულების მომენტში ბანკები მოგვმართავენ შეკითხვით. რისკებს ვაფასებთ. ვფიქრობთ თუ როგორი განმარტება მივცეთ - ეს პრობლემატიკა ჩვენთან გროვდებოდა და ჩვენთვის ნათელი იყო, რომ ჩვენ მოგვიწევს გარკვეული დაზუსტების გაკეთება“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა.
უახლესი