დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნათია თურნავა - ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებით საქართველოში მყარი მაკროეკონომიკური  საფუძველი შევქმენით

ნათია თურნავა - ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებით საქართველოში მყარი მაკროეკონომიკური საფუძველი შევქმენით

19-09-2024 11:20:00

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ყაზახეთის ეკონომიკური თავისუფლების მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში „გლობალური ფინანსური სისტემა ახალ სამყაროში: მონეტარული პოლიტიკის შედეგები“ მიიღო მონაწილეობა.

სესიას Reinventing Bretton-Woods Committee-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მარკ უზანი უძღვებოდა.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად პანელში მონაწილეობდნენ ყაზახეთის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, აკილჟან ბაიმაგამბეტოვი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ყაზახეთში ნიკოლას ბლანჩერი,მალაიზიის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ნორ შამსიუჰ მოჰდ იუნუსი და „Freedom Holding Corp“-ის თავმჯდომარე ტიმურ ტურლოვი.


სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა შეხვედრის მონაწილეებს იმ თანმიმდევრულ ნაბიჯებზე ესაუბრა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა წარმატებით გადადგა ფასების სტაბილურობისა და ქვეყნის ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობის შენარჩუნების თვალსაზრისით.

„ეს შედეგი საქართველოს ეროვნული ბანკის კარგად დაბალანსებული მონეტარული პოლიტიკის რეაგირების დამსახურებაა. ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მზარდი რისკები გააცნობიერა და ინფლაციური ზეწოლის შესაჩერებლად განაკვეთების დროული მატების სერია განახორციელა. ცენტრალური ბანკის ვალდებულებამ შეენარჩუნებინა მკაცრი მონეტარული პოზიცია, ინფლაციური მოლოდინების მართვასა და ფასების სტაბილიზაციაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. 2023 წლის დასაწყისიდან საქართველომ წარმატებით მოახდინა ინფლაციის კონტროლის ქვეშ მოქცევა და ახლა ქვეყანაში ინფლაცია 3%-ზე დაბალია. 2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით, მთლიანი ინფლაცია შეადგენდა 1.0%-ს, ხოლო საბაზო ინფლაცია 0.9%-ს. აღსანიშნავია, რომ მომავალში საქართველოს ინფლაციის პერსპექტივა პოზიტიურია. ჩვენი მოლოდინით, მთლიანი ინფლაცია მოკლევადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ დარჩება და საშუალოვადიან პერიოდში თანდათანობით, დაახლოებით 3%-ის ირგვლივ დასტაბილურდება. მაგრამ გარე რისკები კვლავ რჩება, განსაკუთრებით ენერგეტიკაზე გლობალური არასტაბილური ფასებისა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის გამო“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მისივე თქმით, სანამ ინფლაცია გლობალურ გამოწვევად რჩება, საქართველომ პოლიტიკის დროული კორექტირებისა და ჯანსაღი მონეტარული ჩარჩოს მეშვეობით მდგრადობა აჩვენა. შედეგად, ქვეყანას მშპ-ის მაღალი რეალური ზრდის უნიკალური კომბინაცია აქვს, რაც,  დაბალ ინფლაციასთან ერთად, პროდუქტიულობითა და პოტენციური ზრდითაა განპირობებული.


ნათია თურნავამ თავის გამოსვლაში ყურადღება ასევე გაამახვილა რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე განსაკუთრებით ბოლო წლებში, როცა სხვადასხვა კრიზისების ფონზე, გლობალური ეკონომიკა სულ უფრო ფრაგმენტირებული ხდება. მისივე თქმით, ამ რთულ გარემოში ინტეგრირებისთვის, ისეთი მცირე და ღია ეკონომიკისთვის, როგორიც საქართველოა, მთავარი გამოსავალი სწორედ რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობაა. ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონისთვის ეს ნიშნავს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საგადახდო სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაში.

დისკუსიის ბოლოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კონფერენციის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა.

ყაზახეთის ეკონომიკური თავისუფლების პირველი მაღალი დონის კონფერენცია „საერთაშორისო საფინანსო სისტემა ახალ სამყაროში“ „ბრეტონ ვუდსის“ 80 წლის იუბილეს კონტექსტში გაიმართა, რომელმაც თავი მოუყარა პოლიტიკის გამტარებლებს, ფინანსური სფეროს პროფესიონალებს, ბიზნესის მფლობელებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.  შეხვედრის მონაწილეები გლობალური ეკონომიკის, ფინანსური სტაბილურობისა და ფინანსური ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი ტენდენციების შესახებ მსჯელობდნენ. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები