დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნატახტარში ჩამოსხმული წყალი ექსპორტზე საუდის არაბეთში გავა - რა გეგმები აქვს ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს

ნატახტარში ჩამოსხმული წყალი ექსპორტზე საუდის არაბეთში გავა - რა გეგმები აქვს ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს

15-02-2024 13:50:00

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი, საუდის არაბეთის ბიზნესმენებთან ერთად ნატახტარში ახალ პროექტს იწყებს, რომელიც წყლის ჩამოსხმას და შემდგომ საუდის არაბეთში ექსპორტს ითვალისწინებს. 

„გვაქვს ლიცენზია ნატახტარში, რომელსაც ერთად განვავითარებთ. პროექტი განხორციელდება ჩვენი და არაბული ინვესტიციით და წყალი ექსკლუზიურად საუდის არაბეთში გავა“, - აღნიშნა ბიზნესმენმა, რომელიც დღეს საქართველო-საუდის არაბეთის საინვესტიციო ბიზნესფორუმს ესწრებოდა.

როგორც პაპაშვილმა მედიასთან თქვა, საუდის არაბეთის კომპანიასთან შესაბამისი მემორანდუმი ფორმდება და ამის შემდეგ პროექტის რეალიზებაც დაიწყება. 

„ბოლო წლები რაც ბიზნესფორუმები იმართება, ინვესტორებს ჩვენს ქვეყანის პოტენციალს მრავალ ჭრილში ვთავაზობთ. ეს არის საუკეთესო საგადასახადო რეჟიმი, საინვესტიციო გარემო, მინიმუმზე დასული კრიმინალი და ასე შემდეგ... ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები - პრაქტიკულად ეკონომიკური ზრდა გასულ წელს გაორმაგებული იყო.

რაც შეეხება ინვესტიციებს ალბათ მთავარი პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობა, ალტერნატიული ენერგია.

პირადად ჩვენი ჯგუფი ვაფორმებთ მემორანდუმს წლის განვითარებაზე, ანუ წლის ჩამოსხმაზე. იცით, რომ საუდის არაბეთი ახალ ქალაქს აშენებს და ვფიქრობ, რომ ბევრი შესაძლებლობაა.

თქვენ იცით, რომ მე ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი ვარ სოფლის მეურნეობაში რძის პროდუქციის. საუდის არაბეთს აქვს მსოფლიოში უდიდესი ფერმა ეს არის 150 ათასი მეწველი ძროხა ერთ ადგილზე, ასეთი პრეცედენტი არ არსებობს, მაგრამ მათ არ აქვთ მიწის რესურსი. ამერიკაში აქვთ დიდი მიწები შეძენილი, მაგრამ იქ არის წყლის პრობლემა. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში არ არის წყლის პრობლემა. აქ გამოწვევა სწორი დამუშავებაა, სწორი შეთავაზებაა საჭირო. შესაძლებელია, ექსპორტის გაზრდა ამ კუთხით ანუ საკვები პროდუქტების მიწოდება“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები