2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასამ 5 581 400 000 ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ივლისთან შედარებით მიმოქცევაში ნაღდი ფულის მასა 1.4%-ითაა გაზრდილი, ხოლო წლიურ ჭრილში კი 17%-ით.
სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ივლისში მიმოქცევაში ნაღდი ფულის სახით 5 503 100 000 ლარი იყო, ხოლო 2022 წლის აგვისტოში კი 4 762 300 000 ლარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა 5 მლრდ-იან ნიშნულს პირველად 2022 წლის დეკემბერში გადასცდა. შემდეგ თვეებში კლება განხორციელდა, ხოლო 2023 წლის აპრილიდან ისევ ზრდა დაიწყო.
საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირება და ქვეყნის ეკონომიკის ლარის ბანკნოტებით და მონეტებით შეუფერხებელი უზრუნველყოფაა. ამ ფუნქციას საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების მეშვეობით ახორციელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე ნაღდი ფულის გაცემა ხდება შეუზღუდავად, მათ საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში. კომერციულ ბანკებზე გაიცემა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფორმირებული ნაღდი ფული.
საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირებას ახორციელებს ნაღდი ფულის მართვის კლასიკური (ცენტრალიზებული) მოდელით, რაც გულისხმობს პირადი და უშუალო პასუხისმგებლობის შენარჩუნებას ფულის ნიშნების დამზადების, მიმოქცევის და განადგურების ყველა ასპექტის მართვა.
ფულის მიმოქცევის რეგულირების თვალსაზრისით, საქართველოს ეროვნული ბანკი პერმანენტულად მუშაობს ეროვნული ვალუტის მიმოქცევისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად და მისი პოპულარიზაციის მიმართებით, ნაღდი ანგარიშსწორების სფეროს სრულყოფისა და ამ სფეროში ნორმატიული ბაზის დახვეწა-სრულყოფის, მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნების ხარისხის ამაღლებისა და ასევე კომპეტენციის ფარგლებში ყალბი ფულის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართებით.
2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება დამრგვალების პრინციპით (უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით).
კერძოდ, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება 0-ზე ან 5-ზე არ მთავრდება.
უახლესი
2 საათის წინ
მანქანის ჩანაცვლების სერვისი ალდაგისგან