დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მზის ენერგია და დაბალი ფასები: "და-ტენე" ელექტრომობილების დამუხტვის ტარიფს ამცირებს

მზის ენერგია და დაბალი ფასები: "და-ტენე" ელექტრომობილების დამუხტვის ტარიფს ამცირებს

21-03-2025 10:00:00

ელექტრომობილების სწრაფი დამტენების პირველი ქსელი "და-ტენე" აქტიურად აფართოებს ინფრასტრუქტურას. როგორც "და-ტენე"-ს კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, მარიამ ბოკერიამ Business Insider Georgia-სთან განაცხადა, კომპანია 2025 წლის ბოლომდე 50-მდე ახალ სადგურს დაამატებს და ქსელს კიდევ უფრო გააფართოებს.
"ელექტრომობილების დამტენების ქსელი "და-ტენე" ბაზარზე 2024 წელს გამოჩნდა. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყანაში სწრაფი დამტენების დანერგვა და დამონტაჟება. ბაზარზე არსებული დამტენები საკმაოდ ნელი იყო, ავტომობილის დატენვას კი დიდი დრო სჭირდებოდა, რაც ელექტრომობილების მფლობელებისთვის დისკომფორტს ქმნიდა. ხშირად 4-5 საათი რიგში დგომა უწევდათ. ჩვენი დამტენების კონკურენტული უპირატესობა სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობაა. საუბარია 120 კვტ-იან დამტენებზე. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ჰაბები, სადგურების ქსელი, სადაც ერთდროულად 2-3 ელექტრომობილზე მეტის დამუხტვაა შესაძლებელი. ეს ელექტრომობილების მფლობელებს ქალაქგარეთ გასვლის საშუალებას აძლევს, რადგან მათ ავტომობილების სწრაფად დატენვა შეუძლიათ. ჩვენი სადგურები ისეთ ლოკაციებზეა განთავსებული, რომ ავტომობილების დატენვის პერიოდში მძღოლებს ყავის დალევა, ლანჩის მირთმევა და სხვა აქტივობებში ჩართვა შეუძლიათ", - აცხადებს "და-ტენე"-ს კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.
მარიამ ბოკერიას განმარტებით, კომპანიის მიერ დამონტაჟებული 120 კვტ-იანი სწრაფი დამტენები ჩინური ბრენდის, "სანგროუს" პროდუქციაა, რომელიც ავტომობილს 0%-დან 90%-მდე 20-30 წუთში ტენის.
"ეს საკმაოდ სწრაფი მაჩვენებელია. "და-ტენე"-ს სადგურებზე არსებული დამტენების თავები თავსებადია როგორც ევროპულ, ისე ჩინურ ელექტრომობილებთან. გამონაკლისია მხოლოდ "ტესლას" ავტომობილები, რომლებსაც სპეციალური გადამყვანი სჭირდებათ. თუ სხვა დამტენ სადგურებში "ტესლას" დატენა 70%-მდეა შესაძლებელი, ჩვენი დამტენები 80%-მდე აიყვანს", - აცხადებს "და-ტენე"-ს წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ "და-ტენე"-ს პირველი სადგური თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე გაიხსნა, სადაც ერთდროულად 2 ელექტრომობილის დატენაა შესაძლებელი. მეორე სადგური მარშალ გელოვანის გამზირზე, "აგროჰაბის" ტერიტორიაზე გაიხსნა. რამდენიმე დღის წინ "და-ტენე"-ს სადგური "სამგორი მოლის" მიმდებარე ტერიტორიაზეც გაიხსნა. გარდა ამისა, "და-ტენე"-ს სადგურები თელავსა და ქუთაისშიც მდებარეობს.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ელექტრომობილების მფლობელებისთვის კომფორტის შექმნა. თუ გვინდა, რომ ქალაქგარეთ აქტიურად გავიდეთ, მაგისტრალები უნდა ავითვისოთ. ცხადია, "და-ტენე"-ს სურს გაფართოება და ის შემდეგ ეტაპებს მოიცავს: ჩვენ შევდივართ კერძო ობიექტებში და სადგურებს ღია ქუჩაში არ ვამონტაჟებთ. სადგურებს ვათავსებთ იქ, სადაც შესაბამისი პირობებია. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ობიექტზე შევდივართ, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ: ვდგამთ სადგურს, ვუწევთ სრულ სერვისს და მონიტორინგს. იმ ობიექტიდან, სადაც შევდივართ, მხოლოდ თავისუფალი სიმძლავრე და შესაბამისი პირობები გვჭირდება", - აცხადებს "და-ტენე"-ს კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.
"და-ტენე"-ს სწრაფი დამტენები მომხმარებლებს საუკეთესო ტარიფსაც სთავაზობს. კომპანიამ მომსახურების ტარიფი 1 კვტ/სთ-ზე 82 თეთრიდან 62 თეთრამდე შეამცირა.
"ამის საშუალება მოგვცა იმან, რომ ჩვენ თავად ვაშენებთ მზის ელექტროსადგურებს და შესაბამისად, ვიღებთ ელექტროენერგიას. ეს გვეხმარება იმაში, რომ ბაზარს დაბალი ტარიფები შევთავაზოთ. ჩვენ ვგეგმავთ კიდევ ერთი ინდუსტრიული მზის სადგურის აშენებას, რომელიც საკუთარი ელექტროენერგიით მოამარაგებს ელექტრომობილების სწრაფი დამტენების ქსელს.
ცხადია, უნდა გავფართოვდეთ, გავიდეთ მაგისტრალებზე და მოვიცვათ მთელი საქართველო. ამისთვის ზაფხულისთვის თბილისიდან ბათუმში მიმავალ ავტომობილს ავტომობილი არ უნდა გაუჩერდეს და ადგილზეც უნდა შეძლოს დატენა", - აცხადებს მარიამ ბოკერია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები