დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Myway Airlines-ის ავიაპარკს სამგზავრო Boeing 777 შეემატა - რა გეგმები აქვს ავიაკომპანიას

Myway Airlines-ის ავიაპარკს სამგზავრო Boeing 777 შეემატა - რა გეგმები აქვს ავიაკომპანიას

10-07-2024 12:00:00

ავიაკომპანია Myway Airlines-ის ავიაპარკს სამგზავრო Boeing 777-ს უკვე შეემატა. ბორტი ამ დროისათვის ბოლო პროცედურებს გადის, რათა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში იყოს ასახული.

როგორც Business Insider Georgia-სთან ავიაკომპანიის დირექტორი რატი ბაკურაძე აცხადებს, Myway Airlines-ი ახალი ბორტის სველი იჯარით გაცემას აპირებს. ამ დროისათვის ლიზინგზე ავიაკომპანიას ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვს, თუმცა აქტიურად ერთ-ერთ არაბულ ქვეყანაში გაშვებას განიხილავს, საიდანაც ხომალდი აფრიკის მიმართულებებზე იფრენს. 

„ჯერჯერობით პროცედურებს გავდივართ, რომ დანართში ჩავსვათ. პარალელურად ეკიპაჟი მზადების პროცესშია. საფრენოსნო ეკიპაჟი უკვე გვყავს, მაგასაც თავისი წესები აქვს, რომ ესენიც დანართში ჩავსვათ. რაც შეეხება ბორტგამცილებლებს 50%-ი უკვე გვყავს. ვფიქრობ, რომ თვის ბოლოსთვის მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა რატი ბაკურაძემ.

მისივე თქმით, კომპანია ბორტის ჩარტერულ ფრენებზე დასაქმებას არ განიხილავს და მის სველი იჯარით გაცემას მოახდენს, რაც ეკიპაჟის წევრების გამოცდილებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

რატი ბაკურაძის თქმით, ავიაკომპანია წლის ბოლომდე მეორე ბორტის შემოყვანას არ განიხილავს, რაც თავის მხრივ Myway Airlines-ს რეგულარული ფრენების განსახორციელებლად ესაჭიროება.

არსებული რეგულაციებით, ნებისმიერ ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების დასაწყებად ფლოტში მინიმუმ 2 საჰაერო ხომალდი უნდა ჰყავდეს.

როგორც ცნობილია 2023 წელს სუდანში განვითარებულ მოვლენებს Myway Airlines-ის ორი ხომალდი ემსხვერპლა.

ავიაკომპანიის ხელმძღვანელის თქმით, სუდანში დაკარგული ბორტების გამო ბბ დაზღვევამ Myway Airlines-ს ზარალი უკვე აუნაზღაურა. თანხის ნაწილი კომპანიამ Boeing 777-ს შემოყვანისკენ მიმართა, ხოლო ნაწილით გარკვეული ვალდებულებების გასტუმრება მოახდინა. 

Boeing 777, რომელსაც Myway Airlines-მა რამდენიმე დღის უკან მიიღო 2003 წლის მოდელია და ხომალდი 312 მგზავრზეა გათვლილი, საიდანაც 28 სავარძელი ბიზნეს კლასია. თვითმფრინავი არის შორმაგისტრალური, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შორ დისტანციებზე უწყვეტი ფრენების განხორციელება შეუძლია. 

აღნიშნულ საჰაერო ხომალდს მგზავრებთან ერთად 12-15 ტონა ტვირთის ტრანსპორტირებაც შეგიძლია. ავიაკომპანიის მიერ ოპერირებად სატვირთო თვითმფრინავით კი 17 ტონამდე ტვირთის გადაზიდვაა შესაძლებელი.

​Myway Airlines-ს  ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC) და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა (OL) 2018 წლის დასაწყისში მიენიჭა და მისი ავიაპარკი Boeing 737-800  ტიპის ორი სამგზავრო და Boeing 737-700 ტიპის სატვირთო თვითმფრინავს აერთიანებდა.

2022 წელს კი მარეგულირებელმა ავიაკომპანია Myway Airlines-ს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC) შეუჩერა, რისი მიზეზიც არაგეგმური აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებები გახდა. ავიაკომპანიამ gcaa-ს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ავიაკომპანიის ფრენები დროებით აღდგენილია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები