ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მწვანე ენერგეტიკის განვითარებას საქართველოში დიდი პერსპექტივა აქვს და ეს არის ის მიმართულება, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს კონკურენტული უპირატესობა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული მე-11 დისკუსიის შემდეგ განაცხადა, რომელსაც მოდერატორობას თავად უწევდა.
დისკუსიის თემა „მწვანე ენერგეტიკის პერსპექტივები და რეგულირება“ იყო. პანელურ დისკუსიაში სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მონაწილეობდნენ.
„დღეს შედგა „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მე-11 დისკუსია. ჩვენ ვისაუბრეთ მწვანე ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივებზე ქვეყანაში, მათ შორის ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანი იყო, რომ სემეკის თავმჯდომარემ გაამახვილა ყურადღება იმ რეფორმებზე, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელდა. ასევე იმ შემდგომ რეფორმებზე და სტრატეგიაზე, რომელიც ქვეყანაში ამ მიმართულებით იგეგმება. მნიშვნელოვანი იყო ამ კუთხით ასევე კერძო სექტორის შეფასება. საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის ხედვა, მათ შორის ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, ისევე როგორც ბიზნეს ასოციაციის ხედვა იმასთან დაკავშირებით თუ რა ძირითადი საკითხები აქვს სექტორს.
საბოლოო ჯამში დისკუსიის ფარგლებში შევძელით და გამოვკვეთეთ ის ძირითადი საკითხები, რომელიც იქნება ცალკეულ შემთხვევებში მსჯელობის და ანალიზის საგანი. ჯამში ყველა ვთანხმდებით, რომ მწვანე ენერგეტიკის განვითარებას საქართველოში დიდი პერსპექტივა აქვს და ეს არის ის მიმართულება, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს კონკურენტული უპირატესობა“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით.
მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ.
ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის„ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“.
მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
უახლესი