ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი გაიზარდა, თუმცა იდეალურ ვარიანტამდე სექტორს ჯერ კიდევ ბევრი აშორებს.
მეორე კვარტლის სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43.3 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.8 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 35.9 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.
მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე განმარტავს, რომ იდეალური ვარიანტია მცირე და საშუალო ბიზნესის წილი იყოს 80%, თუმცა ზრდა ფიქსირდება, რაც დადებითი მოვლენაა და დინამიკა შენარჩუნდება.
„მცირე და საშუალო საწარმოების წილი გაიზარდა მომსახურების სფეროსა და მშენებლობის ხარჯზე. მომსახურებაში ეს არის ტურიზმი. მიღწეული არ არის ცუდი, თუმცა მეტიც შეიძლებოდა. იდეალური ვარიანტია მცირე და საშუალო ბიზნესის წილი იყოს 80%. ეს იქნებოდა იდეალური სტატისტიკა, მაგრამ გაცილებით უარესი ვითარებაც იყო. დრო უნდა და დარგი მეტად განვითარდება. ეს მოკლე დროში ვერ მოხდება, მთავარია ტენდენცია შევინარჩუნოთ. მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობა იზრდება და ამ დარგის დაწინაურება ეკონომიკისთვის ყოველთვის იმედთან ასოცირდება. ეს არის ეკონომიკის ფუნდამენტი და მის განვითარებაზე მრავალი სექტორის კეთილდღეობაა მიბმული", - ამბობს მიხეილ ჭელიძე Business Insider Georgia -თან.
რაც შეეხება სექტორის გამოწვევას, მისი შეფასებით მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემა ტრადიციულად ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სირთულეს და სამეწარმეო განათლების დეფიციტს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 15.2 პროცენტით გაიზარდა და 48.0 მილიარდი ლარი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 63.8 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15.2 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 21.0 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა