დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მთავრობა, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის რეგულირებას გეგმავს - რას ფიქრობს ბიზნესი

მთავრობა, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის რეგულირებას გეგმავს - რას ფიქრობს ბიზნესი

20-05-2023 16:00:38

მთავრობა შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის რეგულირებისათვის საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე მუშაობს. 

შედეგად, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ქვეყნის ერთიან სატრანსპორტო სისტემაში მოქცევისა და საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს. 

ბიზნესის ნაწილი, რომელიც მდინარეებსა თუ ტბებზე ვიზიტორების მომსახურებას ეწევა, ერთიან საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევას და რეგულირებას მიესალმება.

კომპანია „ბორანში“, რომელიც მდინარე მტკვარზე სამდინარო ტურების ორგანიზებას ახორციელებს, აცხადებენ რომ  უსაფრთხოების საკითხებს თავად არეგულირებენ. 

როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი კონსტანტინე ქიტიაშვილი Business Insider Georgia-თან აცხადებს, მდინარე მტკვარზე მისი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, არეალი, სადაც ტურისტის გასეირნებაა შესაძლებელი,  შეზღუდულია და ყველგან ცურვა არ შეიძლება. რაც შეეხება ბაზარს, ამ მიმართულებით, საკმაოდ გაჯერებულია.

„ბაზარზე კონკურენცია მძაფრია, კანონმდებლობაში შავი ხვრელებია. საქართველოში, შიდა წყლებზე ბიზნესოპერატორების საქმიანობა არ რეგულირდება. კანონის მხრიდან მოთხოვნა არ არის და თავიდან ბოლომდე თვითრეგულაციის რეჟიმში ვართ და საკუთარი გამოცდილებისა და ბიზნესის კეთების ხარჯზე ხდება თვითრეგულირება. აქედან გამომდინარე რისკები გაზრდილია.

ვცდილობთ, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ჩვენს იმიჯსა და უსაფრთხოება საკმაოდ მაღალ ხარისხში გაქვს აყვანილი.თუმცა გეტყვით, რომ კანონი ამას არ ითხოვს.

არ ვიცი რამდენად მკაცრი მოთხოვნები იქნება, მაგრამ მთავარია იყოს რეგულაცია. ეს ძალიან კომპლექსური საკითხია.

სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობები მაქვს წაკითხული და შიდა წყლების ტრანსპორტის რეგულირებაზე, საკმაოდ სერიოზული კანონმდებლობა ვრცელდება.

სასურველია, ბაზრის მოთამაშეები ერთიანი თამაშის წესებს დაექვემდებარონ“, - ამბობს „ბორანის“ დამფუძნებელი.

ბიზნესმენი საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებაში ჩართვის სურვილსაც აფიქსირებს, რადგანაც მიაჩნია, რომ მის კომპანიას დარგში უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. 

„თუ სახელმწიფოს ექნება ინტერესი, შეგვიძლია განვიმარტოთ, თუ როგორ წარმოგვიდგენია ამ ბიზნესის წარმომადგენლებს რეგულაციები და რა არის გასაკეთებელი დარგში. საერთაშორისო გამოცდილების აღება და გათვალისწინება შესაძლებელია, თუმცა სრულად კოპირება არა, რადგანაც საქართველოს შიდა წულები მაინც სპეციფიკურია “, - ამბობს  კონსტანტინე ქიტიაშვილი.

ცნობილია, რომ 2025 წლის 1-ელ იანვრამდე მოხდება საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების, მათ შორის, საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ტექნიკური ზედამხედველობის, რეგისტრაციის, ინსპექტირებისა და ექსპლუატაციის წესების შემუშავება და დამტკიცება. 

შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი (მაგალითად, მტკვარზე, თბილისის ზღვასა და ა.შ. მცურავი საშუალებები), დღევანდელი კანონმდებლობით, არ ექცევა რეგულირების სფეროში, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებული კანონპროექტით, ისინი დაექვემდებარებიან კანონით განსაზღვრულ ზედამხედველობას, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, საერთაშორისო პრაქტიკით, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი რეგულირებად სფეროს წარმოადგენს და მიზანშეწონილია, საქართველოს კანონმდებლობაშიც არსებობდეს ჩანაწერი, რომელიც შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტს აქცევს ქვეყნის ერთიანი სატრანსპორტო სისტემის ნაწილად და სატრანსპორტო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის შექმნის სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, პროექტის მიზანია, საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ტექნიკურ მარეგულირებელი ორგანოდ განისაზღვრება სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ხოლო შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ფუნქცია დაემატება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში არსებულ სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები