საქართველოს პარლამენტში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმადაც მთავრობა სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ქმნის.
პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი უკავშირდება სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში უსაფრთხოების ეფექტიანობის უზრუნველყოფას.
კანონპროექტის მიღება დაკავშირებულია „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტთან.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს, დაფუძნება იგეგმება 12 საშტატო ერთეულის შემადგენლობით, წლიური ბიუჯეტი დაფუძნების პირველ წელს კი განისაზღვრება დაახლოებით 1,300,000 ლარის ოდენობით, რაც მოიცავს ძირითადი საშუალებების შეძენის (ავტომობილი, კომპიუტერები და მისი აქსესუარები, პროგრამები, ავეჯი, ჯამურად დაახლოებით 235,000 ლარის ოდენობით) და მარაგების (ჯამურად დაახლოებით 68,000 ლარის ოდენობით), ოფისის იჯარის (დაახლოებით 80,000 ლარი), შრომის ანაზღაურების და მიმდინარე ხარჯებს (ჯამურად დაახლოებით 943,080 ლარი).
აღნიშნული სააგენტოს წლიური საშტატო ბიუჯეტი საპროგნოზოდ შეადგენს 579,480 ლარს. საშუალოვადიან პერიოდში აღარ მოხდება ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯების გათვალისწინება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საჭირო იქნება ადამიანური რესურსის დამატება და შესაბამისად, სააგენტოს საშტატოს გაზრდა, აღნიშნული სააგენტოს საპროგნოზო წლიური ბიუჯეტი განისაზღვრება შემდეგნაირად: 2024 წელს 1,500,000 ლარი, 2025 წელს 1,500,000 ლარი და 2026 წელს 1,500,000 ლარი“, - ნათქვამია განმართებით ბარათში.
კანონპროექტის მიხედვით, სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რაც არ საჭიროებს დამატებით დაფინანსებას და შესაბამისად, აღნიშნული ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო განახორციელებს სერიოზული სარკინიგზო შემთხვევების სამსახურებრივ მოკვლევას. აღნიშნული ფუნქციის დამატება დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან, კერძოდ აუცილებელი იქნება ბიუროსთვის 2 საშტატო ერთეულის დამატება, რაც უნდა განხორციელდეს 2023 ან 2024 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში არსებული რესურსის გათვალისწინებით. ამასთან, შესაბამის ხარჯებთან იქნება დაკავშირებული სერიოზული სარკინიგზო შემთხვევების მოკვლევა.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს რკინიგზის“ 100% „საპარტნიორო ფონდმა“ მთავრობას გადასცა. გარიგება 2022 წლის ბოლოს დასრულდა.
„საქართველოს რკინიგზის“ 100%-ის მთავრობისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ „საქართველოს რკინიგზა“ სამი სახელმწიფო კომპანიიდან ერთ-ერთია, სადაც 2023 წლიდან რეფორმა უნდა განხორციელდეს.
ცნობილია, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების სტრატეგიის თანახმად, ეს პროცესი სამ მსხვილ კომპანიაში „საქართველოს რკინიგზაში”, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა” და „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში” უნდა დაიწყოს.
2022 წელს, „საქართველოს რკინიგზამ“ 9 თვეში 491 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, წმინდა მოგება კი, 278 მილიონი ლარი იყო
უახლესი