„ლურჯი ბაღი“ წელს მოცვის პირველ მოსავალს ელოდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროდუქტის ნაწილს ადგილობრივ ბაზარზე გაყიდიან, ნაწილიც ექსპორტზე ევროპაში გავა.
საორიენტაციო ბაზარი ჯერჯერობით გერმანიაა.
აღნიშნულთან დაკავშირებით „ლურჯი ბაღის“ დამფუძნებელმა ნიკოლოზ დიდებაშვილმა Business Insider Georgia- ს აცნობა.
წლევანდელ სეზონზე კომპანია 40 ტონამდე მოცვის მოსავალს ელოდება.
„ლურჯი მოცვის პლანტაცია სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზანაშია გაშენებული. პირველ მოსავალს წელს ვიღებთ, კრეფის პროცესი აქტიურ ფაზაში უახლოეს დღეებში შევა, ასევე სრულად მზად არის კომპანიის საკუთრებაში არსებული 250 ტონიანი სამაცივრე მეურნეობა. ადგილობრივი ბაზრის ათვისება და დაკმაყოფილება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რის შემდეგაც უკვე 15 ივნისს მოსავლის ნაწილი, ექსპორტზე გავა. ეს არის ჩვენი პირველი ნაბიჯები დიდ ბაზარზე გასასვლელად და ვფიქრობთ, რომ წარმატებულ სტარტს ავიღებთ", - აღნიშნა ნიკოლოზ დიდებაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მოცვის წარმოება კომპანიის ერთ-ერთი მიმართულებაა. „ლურჯი ბაღის“ ძირითადი ხაზი აგრო-საკონსულტაციო საქმიანობაა. ის პირველი აგრო სერვისის მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც პოტენციურ მომხმარებელს სთავაზობს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სრულ მომსახურებას. კერძოდ, როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, დახმარებას უწევს სხვადასხვა კომპანიებს და ფიზიკურ პირებს იყვნენ წარმატებულები აგრო-სექტორში - სწორად შეიმუშაონ სოფლის მეურნეობის სტრატეგია, დაგეგმონ შესაბამისი ინტერვენციები და თანმიმდევრულად მართონ მიმდინარე პროცესები.
ცნობისთვის, „ლურჯი ბაღი“ 2020 წელს შეიქმნა. პირველ ეტაპზე კომპანიაში 7 ადამიანი იყო დასაქმებული. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 30 მუდმივი თანამშრომელი ჰყავს, ხოლო პროექტების მიმდინარეობის დროს, საჭიროების შემთხვევაში (როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში) დღიურად 200-დან 350 ადამიანამდე ასაქმებს.აქტიური სეზონის პერიოდში მათი რაოდენობა 450 -ს აღწევს.
„ლურჯი ბაღის“ საკუთრებაშია 10 ერთეული როგორც სასოფლო-სამეურნეო ისე სამშენებლო მძიმე ტექნიკა საქართველოს მასშტაბით, კომპანიას ჯამში 8 მსხვილი პროექტი აქვს განხორციელებული.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია