2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან დღემდე მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევის თაობაზე, კონკურენციის სააგენტოში 20 მოვაჭრის წინააღმდეგ, 12 განაცხადი შევიდა.
როგორც სადეპუტატო კითხვის პასუხად, კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შესული განაცხადებიდან 6 მოვაჭრის მიმართ არ დაიწყო/შეწყდა დაწყებული წარმოება მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესის/კანონით სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო.
აღსანიშნავია, რომ ერთი მოვაჭრის მიმართ სააგენტომ სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე დაასრულა საქმის შესწავლა. კერძოდ, საქმის შესწავლის ფარგლებში სააგენტომ განიხილა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებები და ჩათვალა, რომ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედეგად კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი აღარ იარსებებს.
მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - მომხმარებლებს ინფორმაცია მიაწოდოს და დოკუმენტები შეადგინოს ქართულ ენაზე და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი ქმედების შედეგად ზიანი მიადგა. შესაბამისად, სააგენტომ მოვაჭრესთან შეთანხმება გააფორმა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ და საქმის შესწავლა კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ შეთანხმებით აღებული პირობითი ვალდებულებები სააგენტომ შესრულებულად მიიღო.
„დღეის მდგომარეობით, 13 მოვაჭრის მიმართ მიმდინარეობს საქმის შესწავლა და საქმისწარმოება ჯერ არ არის დასრულებული. აღსანიშნავია, რომ ხსენებული 13 მოვაჭრიდან 10 მოვაჭრეზე ინფორმაცია მოწოდებულ იქნა ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ. ხსენებული ინფორმაციის თანახმად, ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ განხორციელდა მონიტორინგი ბათუმის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივ კვების ობიექტებში, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ ზემოხსენებული მოვაჭრეების კვების ობიექტებში საცნობარო (კვების) მენიუ შედგენილი და განლაგებულია მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე.
ამასთან გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით, არცერთი მოვაჭრის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეაგირების ზომა - დარღვეული უფლების აღდგენის შესახებ მითითება ან კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტის მოთხოვნა, ან კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული რეაგირების ზომა - ჯარიმა, იმის გამო, რომ მოვაჭრემ უარი განაცხადა მომხმარებლისთვის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინფორმაციის მიწოდებაზე“, - აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს მიერ დეპუტატის კითხვის პასუხად გაგზავნილ წერილში.
შეგახსენებთ, რომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებული იყო 2022 წლის 29 მარტს, ხოლო ამოქმედდა 2022 წლის 1-ელი ივნისიდან.
კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ის მუხლები, რომლებიც ეხება სსიპ - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესწავლას და მათზე რეაგირებას, კერძოდ, 28-ე, 29-ე მუხლის 2-4 პუნქტები და 30-36 მუხლები, ძალაში შევიდა 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან. აქედან გამომდინარე, კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესწავლა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელების შესაძლებლობა სააგენტოს აქვს 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან.
უახლესი