„მიკროგრინის“ წარმომადგენელი მამუკა ძამიაშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, რომ საქართველოში მიკრომწვანილების წარმოების ბიზნესში კონკურენცია მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და ამ ფონზე კომპანიის გაყიდვები მიმდინარე წელს, მხოლოდ 5%-ით გაიზარდა.
„მიკროგრინი ადგილობრივ ბაზარზე მე-7-ე წელია ოპერირებს. ბაზარზე ამ დროისთვის დაახლოებით 60-იანი ნიშა გვაქვს, თუმცა კონკურენტების გამოჩენის შემდეგ გაყიდვები შეგვიმცირდა. ბაზარზე შემოსული ახალი მოთამაშეები, დაახლოებით 15 მეწარმეა, დაბალ ფასს აწესებენ და ასე ცდილობენ არათანაბარი კონკურენციის შექმნას. თუმცა ამ კომპანიების ნაწილი დაახლოებით 3 თვე თუ ახერხებს ბაზარზე ოპერირებას“, - ამბობს მამუკა ძამიაშვილი.
რაც შეეხება ასორტიმენტს, კომპანიამ მიმდინარე წელს პროდუქციის ნუსხას ნიორი, სიმინდი, ქინძი და ხახვი დაუმატა.
„ჩვენ ნაწარმი ტრადიციული ბოსტნეულისგან რადიკალურად განსხვავებული პროდუქტია. უფრო ბოსტნეულისა და მწვანილის მიკრო ვერსიაა, რომელიც საქართველოში ინოვაციურია. თუმცა დასავლეთის ქვეყნებში კარგად იცნობენ და ძალიან პოპულარულია. ჩვენს სათბურში ათზე მეტი ჯიშის ბოსტნეული ხარობს, როგორიცაა წითელი კომბოსტო, ბროკოლი, ბოლოკი, მდოგვი, რუკოლა, წიწმატი თუ სალათების მიქსი. ყველა მათგანი განსხვავებული გემოთი და სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა“,- ამბობს მამუკა ძამიაშვილი.
რაც შეეხება საექსპორტო პოტენციალს, მეწარმე ამბობს, რომ „მიკროგრინი“ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. ექსპორტზე გასვლის შემთხვევაში საწარმოო სიმძლავრეები უნდა გაზარდონ, თუმცა ახლა შესაბამის ფართობს არ ფლოებენ.
„მიკროგრინი“ თვეში 300-დან 400 კილოგრამამდე მიკრომწვანილს აწარმოებს. მიკრომწვანილის 100 გრამიანი შეფუთვა 9 ლარი ღირს, ხოლო 40 გრამიანის ფასი 4,6 ლარია.
უახლესი