დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მიკროგრინის“ ბრენდით მიკრობოსტნეული ევროკავშირის ბაზარზე გავა

„მიკროგრინის“ ბრენდით მიკრობოსტნეული ევროკავშირის ბაზარზე გავა

16-05-2023 03:40:51

 

„მიკროგრინის“ ბრენდით ორგანულად სუფთა, არომატული და ვიტამინებით მდიდარი მიკრობოსტნეული შემოდგომიდან ექსპორტზე ევროკავშირის ბაზარზე გავა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ უნიკალური პროდუქტის წარმოება 5 წელზე მეტს ითვლის, ქართველი მომხმარებელი ბრენდს ნაკლებად იცნობს.

როგორც „მიკროგრინის“ წარმომადგენელი მამუკა ძამიაშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, ექსპორტზე პანდემიამდეც გადიოდნენ, თუმცა კორონავირუსის გავრცელებამ ამ მხრივ ნეგატიური გავლენა მოახდინა და ექსპორტი დროებით შეაჩერეს.

ძამიაშვილის თქმით, სავარაუდოდ შემოდგომიდან ამ მიმართულებით ძალებს კვლავ მოსინჯავენ.

„ჩვენ ნაწარმი ტრადიციული ბოსტნეულისგან რადიკალურად განსხვავებული პროდუქტია. უფრო ბოსტნეულისა და მწვანილის მიკრო ვერსიაა, რომელიც საქართველოში ინოვაციურია. თუმცა დასავლეთის ქვეყნებში კარგად იცნობენ და ძალიან პოპულარულია.

ჩვენს სათბურში ათზე მეტი ჯიშის ბოსტნეული ხარობს, როგორიცაა წითელი კომბოსტო, ბროკოლი, ბოლოკი, მდოგვი, რუკოლა, წიწმატი თუ სალათების მიქსი. ყველა მათგანი განსხვავებული გემოთი და სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა.

ჩვენს მიერ შეთავაზებულ ჭარხალს 4-ჯერ და მეტი ვიტამინი აქვს ჩვეულებრივ ჭარხალთან შედარებით. უნიკალური სასარგებლო თვისებების მიუხედავად, საქართველოში ცნობადობა ჯერ კიდევ დაბალია, თუმცა ვინც ერთხელ იყიდა და გემო გაუსინჯა, უკვე ჩვენი პროდუქციის აქტიური მომხმარებელია.

პანდემიამდე უცხოურ ბაზრებზე გავდიოდით, მაგრამ ვირუსთან დაკავშირებით გარკვეული შეფერხება გვქონდა, ამიტომ ექსპორტი დროებით გავაჩერეთ. ახლა ისევ სამზადისში ვართ და შემოდგომიდან პროდუქტის გატანას ევროკავშირის ბაზარზე ვგეგმავთ“, - ამბობს მამუკა ძამიაშვილი.

ბოლო წლების განმავლობაში „მიკროგრინის“ წარმოება დაახლოებით 10-15%-ითაა არის გაზრდილი.

მიკრო მწვანილები ჩვეულებრივ მწვანილთან შედარებით, გაცილებით მეტ ვიტამინს შეიცავს და პროდუქტის მოყვანას 14-იდან 18 დღემდე სჭირდება.

ამ ეტაპზე, „მიკროგრინი“ დღეში დაახლოებით 10-12 კგ ბოსტნეულს აწარმოებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები