მეცხოველეობის დარგში პრაქტიკულად არ რჩება არც ერთი მიმართულება, სადაც პრობლემა არ არის. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემით, სულადობამ როგორც საქონლის, ასევე ღორისა და ფრინველის წარმოებაში იკლო.
„მომავლის ფერმერის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი რუსუდან გიგაშვილი Business Insider Georgia- თან სექტორში არსებულ პრობლემაზე საუბრობს.
„სულადობა შემცირდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ყველა საბრუნავი საშუალება გაძვირებულია. ამას ემატება ბაზარზე მუშა-ხელის სერიოზული დეფიციტი, მათ შორის სპეციალისტების მიმართულებით. მეცხოველეობაში ვეტერინარის, კვების ტექნოლოგისა და სხვა კადრების სერიოზული სიმცირეა.
ამასთან, მეფრინველეობაში ძალიან მომრავლდა არალეგალური საწარმოების რაოდენობა, რასაც ემატება გარე ვაჭრობის პრობლემა.
ეს ყველაფერი ხელს უშლის ლეგალური ბაზრის განვითარებასა და აღრიცხვიანობას, ზოგადად სტატისტიკის წარმოებას.
ამასთან მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ქვეყანაში რძის ფხვნილის იმპორტი, რაც საბოლოო ჯამში წარმოებაზე ნეგატიურად მოქმედებს", - აცხადებს გიგაშვილი.
როგორც „მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, ასეთ ვითარებაში მთავრობის მხრიდან მხარდამჭერი ღონისძიებები უნდა გატარდეს.
„სუბსიდიას არ ვგულისხმობ, მაგრამ შეიძლება საგადასახადო შეღავათები დაწესდეს. ასევე სტრატეგიულ ობიექტებში, როგორიცაა საბავშვო ბაღები , ჯარი, თავდაცვის სხვადასხვა დანაყოფები, რომლებიც სასურსათო პროდუქტების შესყიდვებს ახდენენ, მიზნად უნდა ისახავდნენ ქართული პროდუქტის შეძენას, რაც ადგილობრივ წარმოებას მნიშვნელოვნად წაახალისებს", - ამბობს რუსუდან გიგაშვილი.
ცნობისთვის, „საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის I კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 8.4 პროცენტით შემცირდა და 929.8 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 448.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.3 პროცენტით ჩამორჩება.
ღორის რაოდენობა 159.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 6.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.5 პროცენტით შემცირდა და 9.2 მილიონი ფრთა შეადგინა.
უახლესი