სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპანია ,,აფროსფეისი", რომელიც მარწყვის მსხვილი მწარმოებელია, იყიდება.
კონკრეტულ მიზეზზე, თუ რატომ გადაწყვიტეს ბიზნესის გასხვისება, კომპანიის დამფუძნებელი თენგიზ სალუქვაძე ჯერჯერობით არ საუბრობს.
მისი თქმით, გადაწყვეტილება წარმოების პრობლემას არ უკავშირდება.
„განვითარების მაღალ დონეს მივაღწიეთ, მაქსიმალური პირობები შევქმენით, რომ ქართული ბაზრისთვის ხარისხიანი პროდუქცია მიგვეწოდებინა და ექსპორტზეც მოგვესინჯა ძალები. ეს ყველაფერი გამოგვივიდა, თუმცა ახლა მოცემულობა რადიკალურად შეიცვალა და გადავწყვიტეთ ბიზნესის გაყიდვა. პრობლემა შიდა საქმიანობას უკავშირდება, რასაც წარმოებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
სავარაუდოდ, მიმართულების შეცვლა მოგვიწევს, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე ჯერ ძალიან ადრეა საუბარი, მთავარია, წარმატებით შევძლოთ რეალიზაცია, ძალიან მომგებიანი ბიზნესია და ასეც დარჩება, იმედია, დაინტერესება დიდი იქნება, სხვა დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ", - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი Business Insider Georgia - თან.
ცნობისთვის, კომპანია ,,აგროსფეისი“ მარწყვის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია საქართველოში. კომპანიამ ოპერირება 2020 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში დაიწყო.
სასათბურე მეურნეობა 5 500 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და წლიურად, 40 ტონა მარწყვის წარმოებაა შესაძლებელი.
კომპანია სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი აგროსესხის“ ბენეფიციარია. ჯამურად, 1,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სათბურში ამ ეტაპზე 15 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი