დარწმუნებული ვარ, რომ უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი წამახალისებელი ფაქტორი იმისთვის, რომ გვქონდეს მეტი სიხშირით, მეტ ქალაქთან, აეროპორტთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ და ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან. ამ კუთხითაც 2023 წელი იყო რეკორდული და ჩვენ შევძელით, რომ 21 ახალი მიმართულება დავამატეთ ჩვენი ქვეყნის სამ საერთაშორისო აეროპორტს. 9 ავიაკომპანია შემოვიყვანეთ საავიაციო ბაზარზე. აქვე გეტყვით, რომ იანვარში 2 ახალი ავიაკომპანია დავამატეთ ბაზარზე. ერთ-ერთი არის ავსტრიის ავიახაზები „ტრანსავია“ , რომელიც პირდაპირ რეისებს შეასრულებს. რაც შეეხება ჩინეთს, ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ჩინეთის ხელისუფლებამ ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი მოტივაცია ჩინური ავიაკომპანიებისთვის, რომ მათ გაეზარდათ ფრენის სიხშირეები. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს დადებითად აისახა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდაზე, თუმცა, გეგმებთან ერთად, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს, რომ მარკეტინგული აქტივობა გაზარდოს ჩინეთში, რათა საქართველოს ცნობადობა გაიზარდოს, დარწმუნებული ვარ, რომ უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი წამახალისებელი ფაქტორი იმისთვის, რომ გვქონდეს მეტი სიხშირით, მეტ ქალაქთან, აეროპორტთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლები“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
უახლესი
22 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა