დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელსაც საქართველო აჩვენებს არ არის შემთხვევითი და ერთჯერად ფაქტორზე დაფუძნებული - მიხეილ დუნდუა

მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელსაც საქართველო აჩვენებს არ არის შემთხვევითი და ერთჯერად ფაქტორზე დაფუძნებული - მიხეილ დუნდუა

13-09-2024 13:00:00

მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელსაც საქართველო აჩვენებს არ არის შემთხვევითი, ერთჯერად ფაქტორზე დაფუძნებული, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ „გლობალური კეთილდღეობის მონაცემების“ შეფასებისას განაცხადა, სადაც 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე საქართველო რეალური ეკონომიკის 5 წლიანი ზრდით მსოფლიოში მეორე ადგილზე გავა, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ პოზიციაზე მოხვდება.

მისი თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა რეალურ ფაქტორებზეა დაფუძნებული და არა შემთხვევით ფაქტორებზე.

„ძალიან საინტერესო კვლევა და პროგნოზია, რომელიც მიუთითებს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელსაც საქართველო აჩვენებს არ არის შემთხვევითი, ერთჯერადი, რაიმე ერთჯერად ფაქტორზე დაფუძნებული და არ არის პანდემიის ეკონომიკური ვარდნის ეფექტით ნასაზრდოები. იმიტომ, რომ ეკონომიკურ თეორიაში ცნობილია, რომ როდესაც ეკონომიკური ვარდნა ხდება მომდევნო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდაა. შესაბამისად პანდემიის შემდეგ მაღალი ეკონომიკური ზრდა შესაძლოა ვინმემ ჩათვალოს, რომ ეს პანდემიის შემდგომ მომხდარი ვარდნის შედეგია. მაგრამ, როდესაც პანდემიამდელ პერიოდთან, 2019 წელთან შედარებული შედეგი გვაქვს, 5 წლიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, რომ საქართველოს არის აღმოსავლეთ ნახევარსფეროში პირველ ადგილზე და მსოფლიოში მეორე ადგილზე. ლიდერის პოზიციას ქვეყანა 6 წლიანი ეკონომიკური ზრდის შემთხვევაშიც ინარჩუნებს, როგორც 2025 წელს, ისე 7 წლიანი ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში 2026 წელსაც ინარჩუნებს საპროგნოზო ლიდერობას. ანუ პროგნოზის მიხედვით  ზედიზედ სამი წელი საქართველო სალიდერო პოზიციებზეა. ეს ნიშნავს იმას, რომ მყარ ფაქტორებზე, რეალურ ფაქტორებზეა დაფუძნებული ეკონომიკური ზრდა და არა შემთხვევით ფაქტორებზე. ის არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით ნასაზრდოები და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებში წინსვლას, ექსპორტის გაძლიერებას, ტურიზმის ზრდას, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას გულისხმობს. ვითარდება არა მხოლოდ ერთი დარგი, არამედ განვითარება ინკლუზიურია და ასეთ დროს პროგნოზები არის კეთილსაიმედო“ - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემების“ მიხედვით, 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე საქართველო რეალური ეკონომიკის 5 წლიანი ზრდით მსოფლიოში მეორე ადგილზე გავა, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ პოზიციაზე მოხვდება.

ამასთან, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით კეთილდღეობის ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებით ზედიზედ სამი წლის მანძილზე შეინარჩუნებს ანალოგიურ სალიდერო პოზიციებს.

ერთ სულზე რეალური ეკონომიკის 2024-2026 წლების პროგნოზები და ხანგრძლივვადიანი შეფასება მსოფლიო ბანკისაგან (GDP per capita at Market Price, 2015 real USD):

საქართველო განსაკუთრებულ, ზედიზედ სამწლიან საპროგნოზო ლიდერობას ავლენს ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის გაუმჯობესებით პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, რითაც საბოლოოდ ქარწყლდება ყალბი ნარატივი, რომ თითქოს საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა პანდემიის დროს მისი ეკონომიკის ძლიერი ვარდნის ეფექტით უნდა იყოს გამოწვეული.
კერძოდ:

1. 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის სიდიდის 5 წლიანი პროგრესით (ზრდა 2019 წელთან შედარებით) საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა, მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ ადგილზე. ამ ხუთწლედში ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს რეალური ეკონომიკა 30,3 პროცენტით იზრდება.

2. 2025 წელს ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის 6 წლიანი ზრდით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზე გადის, მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ პოზიციაზეა. აღნიშნულ პერიოდში კეთილდღეობის ეს მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში 37%-ით უმჯობესდება.

3. 2026 წელს ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის სიდიდის 7 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზე გავა, მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველი იქნება. ამ 7 წლის მანძილზე საქართველო ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის გაზრდას 44-ზე მეტი პროცენტით შეძლებს.
https://prosperitydata360.worldbank.org/en/indicator/WB+MPO+NYGDPPCKD

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები