მაღალი ეკონომიკური ზრდა გრძელდება. იანვარ-ივლისში ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,2%, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ასევე ინფლაციასა და ბიზნეს სექტორის აქტივობაზე ისაუბრა.
„ასევე მინდა ვთქვა, რომ ინფლაცია გამოწვევა იყო არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ინფლაციის დასარეგულირებლად, დასაწევად საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით და აგვისტოში ინფლაცია არის 0,9%, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი მიღწევა, მაშინ როცა გამოწვევად რჩება ევროპაში, ამერიკაში და მთელს განვითარებულ სამყაროში მაღალი ინფლაცია და მაღალი ფასები.
მინდა ვთქვა, რომ ძალიან მაღალი აქტივობა არის ზოგადად ბიზნეს სექტორში. მაგალითისთვის გეტყვით, რომ მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა გაიზარდა 15%-ით და შეადგინა 48 მილიარდი ლარი და ორ კვარტალში ჯამურად 92 მილიარდ ლარს გადასცდა მთელი ბიზნეს-სექტორის ბრუნვა, რაც ძალიან მისასალმებელია, იმიტომ რომ ჩანს, რომ ბიზნესი მოგვყვება, არის მეტი თავდაჯერებულობა, პროგნოზირებადობა და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდა შევინარჩუნოთ, უფრო მაღალი ტემპებით უნდა გავაგრძელოთ ზრდა“, - განაცხადა პრემიერმა
უახლესი