LisiWine-Meskhishvili Winery ხუთი თვეა რაც ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. ობიექტი ლისის ტბასთან ახლოს მდებარეობს. „მესხიშვილის მეღვინეობა“ ღვინის წარმოების პარალელურად ტურიზმის ბიზნესში შევიდა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ილია მესხიშვილი Business Insider Georgia-სთან ამბობს, ბიზნესის განვითარებას წინ უძღოდა მნიშვნელოვანი სამუშაოები.
„მე მეღვინე ვარ და აქაც LisiWine-ს ტერიტორიაზე გვაქვს მეღვინეობა. ვაწარმოებთ ღვინის ექსპორტს. პარალელურად გვაქვს მოწყობილი ეთნო მუზეუმი. 200 წლის ხის სახლი გადმოვიტანეთ ჩვენს ტერიტორიაზე, რომელიც მოწყობილი ძველ სტილში, სადაც ტურისტებს და ადგილობრივ ვიზიტორებს აქვთ შესაძლებლობა, ერთ სივრცეში ქართული ღვინის ისტორიას გაეცნენ“, - ამბობს ილია მესხიშვილი.
კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, LisiWine-ს სერვისში შედის ღვინის ტურები, კორპორაციული ღონისძიებები, სადღესასწაულო სუფრები.
„LisiWine-ს ტერიტორიაზე არის მარანი, საბანკეტო დარბაზი კორპორაციული ღონისძიებებისთვის და საკოლექციო სივრცე ღვინის დეგუსტაციისთვის. ეს ყველაფერი ერთ სივრცეშია მოქცეული“, - ამბობს ილია მესხიშვილი.
LisiWine-Meskhishvili Winery -ის დამფუძნებელი ამბობს, რომ მათი ძირითადი მიმართულება ტურიზმია.
„ვფიქრობ, რომ თბილისში არ არის მსგავსი სივრცე, სადაც ერთ ადგილზე შესაძლებელი იქნება ანალოგიური ინფორმაციის მიღება ღვინისა და მეღვინეობის შესახებ. ტურისტებს, რომლებიც მხოლოდ ლოკალურად თბილისში ჩამოდიან, აქვთ შესაძლებლობა გვესტუმრონ, რადგან ქალაქის ცენტრიდან 25 წუთშია შესაძლებელი LisiWine-ში მოსვლა“, - ამბობს მეწარმე.
ილია მესხიშვილის ინფორმაციით, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე ქართული კერძებიც დააგემოვნონ, LisiWine-ს სამზარეულოს მინიჭებული აქვს ჰასპის სტანდარტი. LisiWine-Meskhishvili Winery სტუმრობის ღირებულება სერვისის მიხედვით 30 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს.
უახლესი