კომპანია Lineate Georgia Business Insider Georgia-სთან 2023 წელს აფასებს და აცხადებს, რომ კომპანიამ დასახული მიზნების 100%-ით შესრულება და პორტფელის ზრდა შეძლო.
„2023 წელი საკმაოდ პოზიტიური გამოდგა, როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ასევე მთლიანობაში სექტორისთვის. IT სექტორში მომსახურების ექსპორტი სამი კვარტლის მონაცემებით 600 მლნ დოლარამდე ავიდა, რაც რეკორდული მაჩვენებლებია.
ეს მაჩვენებელი წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება და სავარაუდოდ 1 მლრდ დოლარამდე ავა. ჩვენმა კომპანიამ შეასრულა ყველა ის გეგმა, რაც წლის დასაწყისიდან ჰქონდა დასახული.
დასაქმებულთა რაოდენობით ჩვენ თითქმის გავორმაგდით, გავზარდეთ ჩვენი პორტფელი, უკვე გვყავს ადგილობრივი კლიენტიც. გარდა იმისა, რომ Lineate მნიშვნელოვნად გაიზარდა ამერიკულ ბაზარზე, სამომავლოდაც ვგეგმავთ, რომ საქართველოში კიდევ უფრო გავიზარდოთ და უკვე დავიწყეთ პირველი ნაბიჯები, რომ საქართველო გახდეს Lineate-ს ევროპული ჰაბი და უკვე ევროპულ ბაზარს და ახლო აღმოსავლეთს უკვე საქართველოდან დავფარავთ“, - განმარტავს Lineate Georgia-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერი თორნიკე სულაბერიძე.
რაც შეეხება 2024 წლის განვითარების გეგმას, თორნიკე სულაბერიძე ამბობს, რომ მომავალი წლის გეგმა ისევ გაორმაგება და ინვესტიციების ზრდაა. კომპანიის გეგმას წარმოადგენს ასევე ევროკავშირის ბაზარზე აქტიური ოპერირება.
„2024 წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ, რომ დასაქმებულთა რაოდენობა გავაორმაგოთ და ასევე ვგეგმავთ, რომ საქართველოდან აქტიურად დავიწყოთ გაყიდვები და საქართველოდან დავიწყოთ ევროპული ბზარის დაფარვა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ პირველ რიგში დავფაროთ დასავლური ევროპის ქვეყნები, როგორიცაა გერმანია და ევროკავშირის წამყვანი ეკონომიკები. ჩვენ მიმდინარე თვეში ვიყავით ლისაბონში და ეს ვიზიტიც იმას ემსახურებოდა, რომ პირველი ნაბიჯები გადაგვედგა, რათა ევროპულ ბაზარს გაეცნო კომპანია Lineate საკმაოდ წარმატებული ვიზიტი იყო და მომავალ წელსაც გავაგრძელებთ გარკვეულ აქტივობას, იქნება ეს ფორუმები, კონფერენციები თუ სხვა ტიპის ვიზიტები. ვგეგმავთ, რომ საქართველოდან უკვე ქართულმა გუნდმა იაროს ამ მიმართულებით“, - აცხადებს თორნიკე სულაბერიძე.
უახლესი