ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თურქეთში ვიზიტი შეაჯამა.
ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი თურქეთ-საქართველოს ეკონომიკის მინისტრებმა მოაწერეს, სავაჭრო, ეკონომიკური და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას მოიცავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ახალი ოფიციალური პლატფორმის დიდ პოტენციალს ხედავს და ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების ახალ ამბიციურ პროექტებს აანონსებს.
„ეს უკავშირდება როგორც ელექტროენერგიას, ასევე გაზის გაზრდილი მოცულობების მიწოდებას თურქეთში, ეს უკავშირდება ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც 2 ქვეყნის ენერგოსისტემას უფრო გააძლიერებს და დააკავშირებს, ეს უკავშირდება ამბიციურ პროექტს, რომელიც შავი ზღვის მეშვეობით საქართველოს ევროპასთან დააკავშირებს და იცით, რომ ეს თურქეთის ეკონომიკური ინტერესების წრეში გადის. შესაბამისად, ბევრი მიმართულებით, თურქეთსა და საქართველოს საერთო ინტერესები აქვთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მემორანდუმი ითვალისწინებს ენერგეტიკის სფეროში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, მიმდინარეობს მუშაობა განახლებადი ენერგიების პირდაპირი მიწოდების ზრდაზე, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა პროექტირებასა და თურქმენეთიდან საქართველოდ გავლით თურქეთისთვის გაზის მიწოდების პოტენციალის შესწავლაზე.
„ახლა საუბარია იმაზე, რომ გაზრდილი მოცულობებით მიეწოდოს როგორც შუა აზიიდან, ასევე კასპის რეგიონიდან გაზი ევროპას. აქაც საქართველო, რა თქმა უნდა, იქნება საიმედო, სტაბილური პარტნიორი, როგორც თურქეთის, ისე ევროპის, იმისთვის რომ ევროპულ ენერგოუსაფრთხოებაში ჩვენ კიდევ ერთხელ შევიტანოთ ჩვენი წვლილი. ეს იყო მემორანდუმის კიდევ ერთი საგანი, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შევისწავლით არსებულ მდგომარეობას და ასევე შევაფასებთ იმ კონკრეტულ ინვესტიციებს, რომლებიც საჭირო იქნება დამატებითი მოცულობების მისაწოდებლად“, - აღნიშნა მინისტრმა.
უახლესი