დაფნის გადამამუშავებელ საწარმო ,,ლაურუსი” ექსპორტს გერმანიაში გეგმავს.კომპანიის წარმოებული და დაფასოებული დაფნა ამ ეტაპზე 100%-ით რუსეთში გადის.
როგორც ,,ლაურუსის" დირექტორი ივანე ჯალაღონია Business Insider Georgia- თან ამბობს, ამ ეტაპზე გერმანულ მხარესთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.
მიღწეულია შეთანხმება 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე, რის შემდეგაც უკვე ოქტომბერში ,,ლაურუსის" დაფნის პირველი პარტია ევროპაში ექსპორტზე პირველად გავა.
ჯალაღონიას განცხადებით, კომპანია წელიწადში 210-220 ტონა დაფნის ფოთოლს ამზადებს და რუსეთში აგზავნის.
„რუსეთში დაფნაზე დიდი მოთხოვნაა, წყვეტა მიწოდების მხრივ ფაქტობრივად არ გვქონია, ამ მხრივ არც ომის მიმდინარეობას შეუშლია ხელი. თუმცა, რა თქმა უნდა, მუდმივად ვცდილობდით ალტერნატიული ბაზრის ძებნას. ამ ეტაპზე ასეთი ევროპაა, კერძოდ, ზუსტად 1 კვირაში ვაფორმებთ ხელშეკრულებას, 5 წლის ვადით, ერთ-ერთ გერმანულ კომპანიასთან. მოლაპარაკების ბოლო ეტაპზე ვართ. კონკრეტულად რა მოცულობის დაფნას გავიტანთ, უახლოეს დღეებში გაირკვევა, ახლა სწორედ ამ დეტალებს ვაზუსტებთ", - ამბობს ივანე ჯალაღონია.
დაფნის გადამამუშავებელი საწარმო „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში გაიხსნა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 429,000 ლარი შეადგინა, აქედან 257,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო დარჩენილი თანხა ბენეფიციარის თანამონაწილეობაა.
საწარმოში დასაქმებულია 130 ადამიანი, ხოლო ახალი ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში, სეზონზე დამატებით 65 ადამიანი დასაქმდება.
უახლესი