წითელი ზღვის კრიზისს საქართველო-რუმინეთს შორის საზღვაო გადაზიდვების ტარიფზე გავლენა არ მოუხდენია. როგორც Business Insider Georgia-სთან E60 Shipping Line-ის კომერციულმა დირექტორმა მიშა ბაბუნაშვილმა განაცხადა, კონსტანცასა და ფოთის პორტებს შორის საბორნე გადაზიდვების ტარიფი არ შეცვლილა და არც განიხილება.
„ჩვენი სატარიფო პოლიტიკა რჩება იგივე, რაც აქამდე გვქონდა. ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩვენი ტარიფები არ შეცვლილა და ჯერჯერობით არც ვაპირებთ. მოკლედ, რომ გიპასუხოთ, მოახდინა თუ არა წითელი ზღვის კრიზისმა გავლენა ჩვენს სატარიფო პოლიტიკაზე, გეტყვით, რომ არა. პირიქით, მზად ვართ, რომ ეს ახალი ნაკადი ჩვენი ბორნით გადავზიდოთ. უკვე არაერთი გლობალური კომპანიიდან შემოვიდა მოთხოვნა, რომ ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირების ალტერნატივად განხილულ იყოს ჩვენი ხაზი და კონტეინერები გაუშვან სწორედ ამ საზღვაო ხაზის მეშვეობით.
ზოგადად მულტიმოდალური პროექტები გადაზიდვის რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს და ერთ-ერთი ეტაპი არის ჩვენი ბორანი. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მზაობაა. რკინიგზით ტვირთების მიღება შეგვიძლია. ჯერჯერობით ჩვენ სარკინიგზო გადაზიდვებს არ ვემსახურებით, მიუხედავად იმისა, რომ ბორანს აქვს ამის შესაძლებლობა “, - აღნიშნა E60 Shipping Line-ის კომერციულმა დირექტორმა.
მიშა ბაბუნაშვილი განმარტავს, რომ კომპანია დამატებითი ბორნის შემოყვანაზეც ინტენსიურად მუშაობს და თუ მოლაპარაკებები წარმატებული აღმოჩნდება, მაშინ E60 Shipping Line იფიქრებს, როგორც სიხშირეების გაზრდაზე ასევე ახალი მიმართულებების დამატებაზე.
„ჩვენ სამიმოსვლო წერტილები ჯერჯერობით იქნება საქართველო რუმინეთი, თუმცა არ არის გამორიცხული რომ ე,წ, სამკუთხედიც შევკრათ, რომელიც გააერთიანებს საქართველო-რუმინეთი-თურქეთს ან პირიქით. მოიაზრება სხვა ქვეყნებიც, მაგრამ ეს განიხილება ბორნის დამატებასთან ერთად. ჯერჯერობით ჩვენ რა ბორნითაც ვოპერირებთ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ რუმინეთში მალე ჩავიდეთ და ჩამოვიდეთ“, - განმარტავს E60 Shipping Line-ის კომერციული დირექტორი.
ირკვევა, რომ E60 Shipping Line-ის მაგალითზე მოთხოვნა იზრდება როგორც საექსპორტო ტვირთების ტრანსპორტირებაზე, ასევე იმპორტზე.
„მოთხოვნა უფრო იმპორტზეა, რაც საქართველოსთვის ბუნებრივი მოცემულობაა ნებისმიერ გადაზიდვის ჭრილში გინდა იყოს სახმელეთო, საზღვაო თუ სახმელეთო. შესაბამისად იმპორტს რაც შეეხება 100%-იანი და უფრო მეტი დატვირთულობა გვაქვს. უფრო მეტ დატვირთულობაში ვგულისხმობ არის ტვირთები, რომელიც ფიზიკურად ჩვენს კონკრეტულ რეისზე ვეღარ ეტევა და ელოდებიან შემდეგ რეისებს და ასე შემდეგ. ასე, რომ კონსტანციდან დიდი დატვირთვა გაქვს.
რაც შეეხება ექსპორტს, ფოთიდან კონსტანცას მიმართულებას, მოგეხსენებათ ჩვენ ფოთიდან ვემსახურებით როგორც ქართულ საექსპორტო ტვირთებს, რომელიც სამწუხაროდ დიდი არ არის და ასევე ვემსახურებით ტრანზიტულ ტვირთებს. ამ მიმართულებით სიახლე არის ის, რომ ტრანზიტული ტვირთების მიმართულებით ძალიან გავაქტიურდით და ხელს ვუწყობთ ტვირთების გადაზიდვებს შუა აზიიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან. მოკლედ მხოლოდ საქართველოს ექსპორტს არ ვემუშავებით. ვზიდავთ როგორც კონტეინერებს ისე არაგაბარიტულ ტვირთებს. ერთი მეორე ავსებს, ანუ სადაც ექსპორტს აკლდება ის ტრანზიტი ავსებს ხოლმე და ამიტომ ექსპორტზეც მაღალი დატვირთვით გავდივართ“- განაცხადა ბაბუნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ივლისიდან რუმინეთსა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყო და კონსტანცას და ფოთის ნავსადგურებს შორის სწრაფმავალი,190 მეტრიანი ბორანი Vilnius-ი ოპერირებს.
Vilnius-ი ქართულმა კომპანია E60 Shipping Line-მა დაფრახტა და გემი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საგზაო მარშრუტის - E60-ის შავ ზღვაზე გამავალ მონაკვეთს ემსახურება.
ბორნით გადაზიდული ტვირთი, ორივე ქვეყნის საბაჟო პროცედურებს მაქსიმალურად სწრაფად გადის. ეს საკითხი 2023 წლის დასაწყისში საქართველოში რუმინეთის საბაჟო წარმომადგენლების ვიზიტისას შეთანხმდა.
ფოთი - კონსტანცას საბორნე ხაზი, უმოკლესი გზაა კავკასიის და შუა აზიის ქვეყნების ევროპასთან დასაკავშირებლად, მას ალტერნატივა არ აქვს და დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვისა და რეგიონისთვის. ასევე გადამწყვეტია ტრანსკასპიური შუა დერეფნის არსებობისა და განვითარებისთვის.
E60 Shipping Line არის ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები - Inex Group, საერთაშორისო ფინანსური, სატელეკომუნიკაციო და ტურისტული სერვისები.
ბორანი Vilnius-ის სრული მონაცემები: რეგისტრის კლასი: Lloyd register 100A1 Rо-Rо Cargo and Passenger ferry აშენებულია:1987 წელს, გერმანიაში
გემი იმყოფება ლოიდის საკლასიფიკაციო ზედამხედველობის ქვეშ, ფლობს გინესის რეკორდების წიგნის სერტიფიკატს, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი გემი საავტომობილო-სარკინიგზო სამგზავრო ბორნების კლასში.
უახლესი
45 წუთის წინ
გუდაურში ბინების გაყიდვები და ფასები შემცირდა1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან გამყარდა1 საათის წინ
2025 წელს გაფართოებას ვგეგმავთ - „სერი“