დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს

04-03-2024 23:17:00

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივით მომზადებული „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, საკითხის მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, კანონპროექტი დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრების და კონსულტაციების შედეგად მომზადდა. მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მომზადების მცდელობა წინა მოწვევის პარლამენტშიც იყო, თუმცა მთელი რიგი გამოწვევების და არასწორი ინფორმაციების გავრცელების გამო, პროცესი შეჩერდა და მისი მიღება ვერ მოხერხდა. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, დეზინფორმაციის კამპანია წარმოდგენილ კანონპროექტის მიმართაც მიმდინარეობს და არის მცდელობა საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ და შეცდომაში შეიყვანონ. 

მისივე თქმით, ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, სხვადასხვა ფორმატში, არაერთი შეხვედრა გაიმართა და პროექტზე მუშაობა დღემდე გრძელდება და იგი დამუშავების პროცესს გადის. მაია ბითაძის განცხადებით, კანონპროექტის ავტორები კომიტეტების სხდომაზე გამოთქმულ შენიშვნებს და წინადადებებს გაეცნობიან და პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებამდე, დოკუმენტში შესაბამის ცვლილებებს განახორციელებენ.

მაია ბითაძის ინფორმაციით, კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პაკეტი 17 ძირითად მიმართულებას არეგულირებს და იცვლება მთელი რიგი ნორმები და მიდგომები, რაც უკვე მოქმედ კანონმდებლობაშია ასახული. რაც შეეხება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტს, მასში საუბარია ცხოველთა მიტოვების აკრძალვის საკითხებზე, ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოების ფუნქციებზე, შინაური ცხოველების (ძაღლი და კატა) მეპატრონის ვალდებულებებზე, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლების კლასიფიკაციაზე და მათი მეპატრონეების ვალდებულებებზე. კანონპროექტში ასევე საუბარია ერთიანი სარეგისტრაციო სისტემის შექმნასა და მუნიციპალიტეტებში თავშესაფრის მომზადებაზე და ევთანაზიის, გამრავლების და სხვადასხვა ტიპის ობიექტებში შინაურ ცხოველთა მიკედლება-განთავსების პირობებზე. რაც შეეხება ვაქცინაციასთან და ვეტერინარულ მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს, კანონპროექტით ყველა მუნიციპალიტეტისთვის უპატრონო და მიკედლებული ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის ვალდებულება შემოდის. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კი მუნიციპალიტეტებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსება გამოეყოფათ.

სხდომაზე კანონპროექტთა პაკეტის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საკანონმდებლო ინიციატივაზე შეკითხვები და მოსაზრებები როგორც პარლამენტის წევრებმა, ასევე სხდომაზე მოწვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს, რომლებმაც ცვლილებებთან დაკავშირებით განსხვავებული შეფასებები გააკეთეს. სხდომაზე აღინიშნა, რომ კომიტეტების მიერ მომზადებული რეკომენდაციები და წინადადებები კანონპროექტის ავტორებს წერილობითი ფორმით გადაეცემათ.

საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ, კომიტეტებმა პირველი მოსმენით კანონპროექტთა პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები