დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქოფირაითერი არის იდეა – გიორგი რუხაძე კრეატიული სფეროს უსაზღვრო შესაძლებლობებზე

ქოფირაითერი არის იდეა – გიორგი რუხაძე კრეატიული სფეროს უსაზღვრო შესაძლებლობებზე

12-05-2024 12:10:00

არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში კრეატიული საქმიანობა პროფესიული განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და მოთხოვნადი სფეროა. ამის გამო მაღალია კონკურენციაც, თუმცა ისეთ გავლენიან სასწავლებელში მიღებული შესაბამისი ცოდნა, როგორიც Miami Ad School EU-ია, ადგილობრივთან ერთად საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე წარმატების უპირობო საწინდარია.

უკვე 5 წელია, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია და Art Direction-ის ან Copywriting-ის ორწლიანი პროგრამის 100%-იან დაფინანსებით სწორედ Miami Ad School Europe-ში ისწავლონ.

ქართველი ქოფირაითერი გიორგი ქუცა რუხაძე ქვემოთ ინტერვიუში გვიყვება თანამედროვე სამყაროში ქოფირაითინგის ძალასა და იმ შესაძლებლობებზე, რაც ამ მიმართულებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიამ შეიძლება მისცეს.

პირველ რიგში, როგორ შეაფასებდით კრეატიულ სფეროს დღეს საქართველოში და რა პერსპექტივებია საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე?

თუ კი ისტორიას პერიოდებად ვყოფთ ხოლმე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 21-ე საუკუნის 10-იანი წლებიდან დღემდე საქართველოში კრეატიული ინდუსტრიის ძალიან სწრაფი განვითარების პერიოდია.

ეს დაეტყო როგორც სარეკლამო კომუნიკაციას, ისე ადამიანების მხრიდან ამ კომუნიკაციების ადეკვატურ შეფასებას. რაღაცნაირად მალე და ერთად გავიზარდეთ ბრენდების მარკეტინგიც, კრეატივის წარმომადგენლებიც და მომხმარებელიც.

ფეხბურთის არ იყოს, სხვადასხვა ბრენდების და სააგენტოების სწორი მუშაობით, უცხოეთის ქვეყნებში ქართული სარეკლამო ინდუსტრიის მიმართაც გაჩნდა კონკრეტული დამოკიდებულებები და ინტერესი. ეს ინტერესი ბუნებრივია, რომ ინდივიდუალურ კადრებსაც ეხებათ, რაც მათი დასაქმების არეალს კიდევ უფრო ზრდის.

ვისთვის არის ეს სფერო ყველაზე შესაფერისი? რა მიზნები და შესაძლებლობები უნდა გქონდეს, რომ თავი კრეატივის სფეროში წარმოიდგინო?

ქართველი რომ შემოქმედია, ალბათ არაერთ კონტექსტში გვსმენია და თამამად შეგვიძლია ამ სიას დავამატოთ კრეატივიც, რაც პირდაპირი თარგმანიც კი გამოდის.

ეს შემოქმედებითი ხასიათი მარტივი სიტყვით ფანტაზიაა, რომელიც ყველაზე საჭირო რამეა კრეატივისთვის. მთავარია ადამიანს შეეძლოს, რომ საგნებს განსხვავებული რაკურსით შეხედოს. რაღაც ახალი, ცინცხალი დაინახოს მათში და შემდგომ ამის გადმოცემა მოახერხოს ტექსტუალურად (Copywriting) თუ ვიზუალურად (Art Direction).

მინახავს ადამიანები, რომლებიც უბრალოდ საუბრისას ისე აღწერენ მაგალითად რაიმე ფილმის სიუჟეტს, რომ სახლში მისვლისას პირველი რასაც აკეთებ, ამ ფილმს რთავ.

ეს ნიჭია, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან ის ფორაა კარიერულ გზაზე, თუმცა მჯერა, რომ ნიჭის სწავლა და გამომუშავება შესაძლებელია.

თქვენი გამოცდილებით კონკრეტულად ქოფირაითინგის ძალასა და გავლენაზე მოგვიყევით დღევანდელობაში.

ქოფირაითინგის ხიბლი მის სისხარტეშია. მარკ ტვენს აქვს ნათქვამი გენიალური ფრაზა: „მოკლე წერილის მოწერის დრო არ მაქვს და ამიტომ ვრცლად გწერ“. – პირდაპირ შეგვიძლია ამ ფრაზით მივხვდეთ, თუ რა ევალება ქოფირაითერს და რამდენად დიდი შრომა სჭირდება ამას.

ამ მართლაც ქაოტურ ეპოქაში, რომელშიც მილიონი პრობლემა, საოცარი ტექნოლოგიური განვითარება, ზედოზირებული ინფორმაცია თუ უბრალოდ ყოველდღიური რუტინა ერთმანეთშია აზელილი, ნამდვილად არ რჩება ადგილი ბანალური, მშრალი, ემოციისგან დაცლილი კომუნიკაციისთვის. სწორედ ამ გამოწვევის წინაშე დადგება ყველა, ვისაც აქვს სურვილი, რომ ეს საქმე აკეთოს.

ქოფირაითერი არის იდეა! ხოლო იდეის გარეშე რეკლამა კი არა, ვერაფერი იარსებებს.

რას ურჩევდით მას, ვისაც ქოფირაითინგშითავისი შესაძლებლობების მოსინჯვა ან გაუმჯობესება უნდა?

რაიმეს რჩევა ყოველთვის რთულია, რადგან ალბათ რაღაც დოზით ყოველთვის სუბიექტურია ნებისმიერი რჩევა. ჩემი აზრით, პირველ რიგში, უნდა დარწმუნდე, რომ ქოფირაითინგი გიზიდავს. გულდასმით უნდა დააკვირდე ადამიანებს, ყველანაირს, რადგან შენ მათთვის ქმნი კომუნიკაციას. კომუნიკაცია ადამიანს უნდა ეხებოდეს, შესაბამისად უნდა იცოდე როგორ ცხოვრობენ ისინი, რა სურთ, რა აკლიათ, რა აინტერესებთ.

როცა ათი წლის წინ ამ ინდუსტრიაში მოვხვდი, თავიდან ბევრი იდეა ემთხვეოდა ხოლმე უკვე განხორციელებულ რეკლამებს. ავდექი და 2000 გვერდი დავათვალიერე Ads of the World-ზე, რომ ეს პრობლემა აღმომეფხვრა. ბევრი მუშაობაა საჭირო და ბევრი ფიქრი, რაც გვაბრუნებს პირველ რჩევაზე – უნდა დარწმუნდე, რომ ქოფირაითინგი ნამდვილად გიზიდავს.

როგორ ფიქრობთ, რამდენად უნიკალური შესაძლებლობაა ამ ყველაფრის მისაღწევად ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიის მოპოვება და Miami Ad School EU-ში სწავლა?

ნიკა იშვიათი გამონაკლისი იყო ჩვენი თაობის კრეატივის წარმომადგენლებიდან, ვინც წავიდა და ეს საქმე ისწავლა. უმეტესობა ძირითადად მხოლოდ ზემოხსენებულ ნიჭს ვჯერდებოდით.

მართლაც სიმბოლურია, რომ სარეკლამო ინდუსტრიაში, მსოფლიოს საუკეთესო სასწავლებელში, Miami Ad School EU-ში სწავლის შესაძლებლობა ნიკა გუჯეჯიანის სახელს უკავშირდება.

ეს ძალიან მაგარი შანსია, როგორც სწავლის, ისე დასაქმების კუთხით.

დიდი ინტერესით დაველოდები იმ სახელის და გვარის გამოცხადებას, ვინც მომავალში ქართულ კრეატიულ ინდუსტრიას ცინცხალი იდეებით მოამარაგებს.


ოთხმა ქართველმა სტუდენტმა უკვე მოიპოვა საქართველოს ბანკის სტიპენდია, რომ Miami Ad School Europe-ში სრული დაფინანსებით ესწავლა. შემდეგი სტიპენდიატი კი შენ შეიძლება გახდე: 2024 წლის ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო კონკურსში განაცხადების მიღება 12 მაისამდე გაგრძელდება, სტიპენდიატის ვინაობა კი ივნისის დასაწყისში გახდება ცნობილი.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები