დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქობულეთში „შატო კვირიკე“ „აწარმოე საქართველოში“-ს თანადაფინანსებით ღვინის სერიულ წარმოებას გეგმავს

ქობულეთში „შატო კვირიკე“ „აწარმოე საქართველოში“-ს თანადაფინანსებით ღვინის სერიულ წარმოებას გეგმავს

24-06-2023 06:00:00

ქობულეთში მდებარე უნივერსალური ტურისტული ობიექტი “შატო კვირიკე“ გაფართოებასა და ღვინის სერიულ წარმოებას გეგმავს.

როგორც „შატო კვირიკეს“ გენერალურმა დირექტორმა პაატა დუმბაძემ Business Insider Georgia-ს განუცხადა, დაგეგმილია, რომ ტურისტული ობიექტის ტერიტორიაზე, დამატებით, 100 ნომრიანი სასტუმრო აშენდეს.

თავად არსებული ინფრასტრუქტურა კი „აწარმოე საქართველოს“ თანადაფინანსებით განხორციელდა. მთლიანობაში ჩადებული ინვესტიციის მოცულობა 30 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 5 მლნ „აწარმოე საქართველოს“ თანადაფინანსებაა. 

„შატო კვირიკე“, რომელიც განთავსების ობიექტების გარდა აუზს, საკონფერენციო დარბაზებს, სხვადასხვა ხილის ხეივნებს, კლასიკური ავტომობილების გამოფენას, მუზეუმს, რესტორნებს და საბანკეტო დარბაზებს აერთიანებს მთლიანობაში 6 ჰა-ზეა განთავსებული. 

დღეისათვის კი ობიექტი აერთიანებს 1 ვილას, 23 ნომრიან სასტუმროს და 15 კოტეჯს. ვილა ერთდროულად 10 ადამიანზეა გათვლილი და მისი ფასი ამ დროისათვის 800 ლარია. ხოლო რაც შეეხება სასტუმროსა და კოტეჯში განთავსების ღირებულებას, ის 150 ლარიდან იწყება. 

როგორც “შატო კვირიკეს“ გენერალური დირექტორი აცხადებს, ტურისტული ობიექტის დატვირთულობა, უკვე არსებული ჯავშნების მიხედვით, ივლისში 80%-ზე მეტია, ხოლო აგვისტოში 95%-ზე მეტი.

რაც შეეხება ღვინის წარმოებას და მარანს, როგორც პაატა დუმბაძე ამბობს, „შატო კვირიკე“ მიმდინარე წლიდან ღვინის სერიულ წარმოებასაც იწყებს. საწარმოო ხაზი კომპანიას უკვე აქვს და მენეჯმენტი მიმდინარე წელს 20-30 ათასი ბოთლი ღვინის ჩამოსხმას ვარაუდობს.

„ძირითადი სახეობა ჩვენი იქნება ქვევრის რქაწითელი და ქვევრის ქისი, თუმცა ასევე გვექნება საფერავი, ქინძმარაული, მუკუზანი, ხიხვი. რაოდენობები სახეობის მიხედვით განსხვავებული გვექნება, თუმცა ყველაზე დიდი რაოდენობით რქაწითლის, საფერავის და ქისის ჩამოსხმას ვაპირებთ. 

პირველ წელს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გავიტანთ, თუმცა პარალელურად ვმუშაობთ ექსპორტზე და მოლაპარაკებები გვაქვს ჩინეთთან და ყაზახეთთან“, - აცხადებს პაატა დუმბაძე.

აღსანიშნავია, რომ „შატო კვირიკე“ უნიკალური კომპლექსია თავისი კონცეფციით აჭარის რეგიონისთვის, რადგან იგი აერთიანებს ვენახებისა და ღვინის თემატიკას ზღვასთან.  

კომპლექსი უამრავ საინტერესო სივრცესა და ატრაქციას იტევს – მარანს, აუზს, რესტორნებს, ისტორიულ ნაგებობაში განთავსებულ პატარა მუზეუმს, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზებს, უნიკალურ რეკრეაციულ გარემოს – ასწლოვანი ევკალიპტებით, ვენახებით, თხილისა და კივის ხეივნებით. Სასტუმრო „შატო კვირიკე“ სტუმრებს სთავაზობს საუკეთესო შესაძლებლობებს იდეალური დასვენებისთვის: 200 წლიანი რესტორანი „ტიფლისი“ სტუმრებს აოცებს მისი ისტორიითა და არქიტექტურით; რესტორან „კვირიკეში“ შესაძლებელია უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძების დაგემოვნება.

აქ ზღვის დონიდან 200 მეტრზე, 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, გაშენებულია ყურძნის ავთენტური სახეობების მრავალფეროვანი არჩევანი: ციცკა-ცოლიკაური, კრახუნა, ზელშავი, ჩხავერი, ოჯალეში და ბევრი სხვა. შატოს ღირსშესანიშნაობების განსაკუთრებული ნაწილია მარანი, სადაც მზადდება და ინახება ვენახებიდან ახალი დაკრეფილი და დამზადებული ღვინო.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები