დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,ხილარი“ ალკოჰოლური სასმელების წარმოებას იწყებს

,,ხილარი“ ალკოჰოლური სასმელების წარმოებას იწყებს

14-09-2023 19:57:10

ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო ხილარი • Khilari ასორტიმენტს ზრდის და წვენების შემდეგ უკვე ალკოჰოლური სასმელების მიმართულების განვითარებას გეგმავს.

როგორც გენერალურმა დირექტორმა, თამაზ კაკუშაძემ Business Insider Georgia- თან აღნიშნა, ხილის არყის წარმოება დაწყებულია და პროდუქტი გაყიდვაში სექტემბრის ბოლოს ჩაეშვება. მომავალი წლიდან კი ,,ხილარის“ ბრენდით ალკოჰოლური წარმოების ხაზს „ქართული ჯინი“ დაემატება.

,,ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებას ვახდენთ. პროდუქტი 100%-ით ნატურალური და ქართულია. მომხმარებელი ჩვენს ბრენდს კარგად იცნობს. გარკვეული მიზეზის გამო სუპერმარკეტების დახლებზე წვდომა არ გვაქვს, თუმცა ჩვენს ნაწარმს აქტიურად მოიხმარს ჰორეკა სექტორი და დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის.

აქამდე, როგორც წვენების მწარმოებლებს გვიცნობდნენ, ახლა გვინდა ალკოჰოლური მიმართულების გაძლიერება. კერძოდ, დავიწყეთ ხილის არყის წარმოება. წარმოებისას დიდი რაოდენობით გვრჩება პროდუქტი, რომელიც შეიძლება ასევე გადამუშავდეს და გაკეთდეს ხილის არაყი, ასევე მაღალი ხარისხის ღვინო, წარმოების განვითარებას ამ მიმართულებითაც ვგეგმავთ გეგმაშია“, - ამბობს თამაზ კაკუშაძე.

რაც შეეხება ექსპორტს, ,,ხილარის“ წვენები წარმატებით იყიდება კანადაში, ბალტიისპირეთი ქვეყნებში და სხვა. უახლოეს პერიოდში პროდუქტი გავა უზბეკეთშიც, მხარეებს შორის კონტრაქტი უკვე გაფორმებულია.

,,ხილარი“ ალკოჰოლური სასმელებით სასტუმროებს და რესტორნებს მოამარაგებს, დიდი ნაწილი ექსპორტზე გაიყიდება. სულ ახლახან კომპანია სტუმრობდა გამოფენას RIGA FOOD 2023, რომელსაც 20,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

თამაზ კაკუშაძე ფიქრობს, რომ მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობა ახალი კონტრაქტების დამყარებასა და პოტენციური პარტნიორების მოძიებაში ძალიან დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო - შპს “ხილარი” სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში 2017 წელს შეიქმნა.

საწარმომ ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 700 000 ლარის ოდენობით, ასევე მიიღო სახელმწიფოსგან 600 000 ლარის ოდენობის გრანტი. ამ ეტაპზე საწარმოში 10 ადამიანი მუშაობს. სეზონზე კი დამატებით 15 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები