დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული სოუსებისა და საწებლის ახალი ბრენდი „პოპორელი“ დახლებზე ივლისიდან გამოჩნდება

ქართული სოუსებისა და საწებლის ახალი ბრენდი „პოპორელი“ დახლებზე ივლისიდან გამოჩნდება

31-05-2023 09:30:25

 

 

ქართული სოუსებისა და საწებლის ახალი ბრენდი „პოპორელი“ კომპანია ,,კეთილი და პატიოსანის" ახალი მიმართულებაა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი ახალაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, წარმოების დაწყებამდე „პოპორელის“ შემქმნელებმა საქართველოს ყველა კუთხეში ეთნო-კულინარიული ექსპედიცია მოაწყვეს, სადაც გაიზიარეს ქართველი ბებიების და მათი წინაპრების მივიწყებული რეცეპტები და ახალი სიცოცხლე მიანიჭეს. სახელწოდებად კი მეგრული სიტყვა „პოპორელი“ შეარჩიეს, რაც სიტყვასიტყვით „აყვავებულ ქინძს“ ნიშნავს.

„საწებლების წარმოების იდეის სულისჩამდგმელი ქეთი კვიჭიძეა, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი. მასთან ერთად დავიწყეთ ეს პროექტი, მოვიძიეთ სხვადასხვა რეცეპტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, გავათანამედროვეთ, ახალი სიცოცხლე მივეცით, რაც ტრადიციულ გემოსთან ჰარმონიულად არის შერწყმული. ასე დაიბადა საწებლების ახალი ბრენდი, რომელიც რამდენიმე ათეულ გემოს აერთიანებს.

განსხვავებულ გემოებს ეტაპობრივად მივაწვდით ბაზარს, რითაც ყველა მომხმარებელს გავაკვირვებთ, საოცარი სიახლეა, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს, განსაკუთრებით მეგრელებს, ათამდე დამუშავებული რეცეპტიდან ორი სწორედ მეგრელი მომხმარებლებისთვის შეირჩა, ეს არის წარმოუდგენლად მწარე საწებლების სერია, ვფიქრობთ, რომ დიდ ინტერესს გამოიწვევს", - ამბობს გიორგი ახალაძე.

მისი ინფორმაციით, ახალი პროდუქტი გაყიდვაში ივლისში ჩაეშვება. ორიენტირი თავდაპირველად ადგილობრივი ბაზარია, ხოლო წლის ბოლომდე „პოპორელი“ ძალებს ექსპორტზეც მოსინჯავს.

„სოუსებსა და საწებლებს სხვადასხვა ბაზრებზე ვტესტავთ და იმდენად დიდი მოწონებაა, რომ ექსპორტზეც გავიტანთ. პირველ რიგში, ექსპორტს მეზობელ ქვეყნებში ვგეგმავთ, სადაც ქართული საწებლების გემო კარგად იციან, შემდეგ უკვე უცხო ბაზრებზეც გაიყიდება. ამისთვისაც უკვე მზად ვართ, მაგრამ გვსურს, რომ პირველი ქართველმა მომხმარებელმა შეგვაფასოს, რამდენად კარგად გამოგვივიდა, სწორედ ჩვენებისგან უნდა მოვისმინოთ. ცხადია, მივიღებთ შენიშვნებსა, თუკი გამოვლინდება ხარვეზი, გამოვასწორებთ", - ამბობს გიორგი ახალაძე Business Insider Georgia- თან.

ამ დროისთვის „პოპორელის“ მწარმოებლებს საწებლების 30-მდე რეცეპტი აქვთ, აქედან 9 პროფესიონალურ დონეზეა დამუშავებული.

მწარმოებლის ინფორმაციით, ახალი გემოების მოძიება გაგრძელდება მანამდე, ვიდრე საქართველოს სრული პოტენციალი არ გამოვლინდება და არ შეიქმნება ახალი ქართული, განსაკუთრებული გემოვნური ხელწერის მრავალფეროვანი სოუსები და საწებლები. „პოპორელის“ წლიური წარმოება 1 მილიონ ბოთლს შეადგენს, რომელიც დროთა განმავლობაში, მოთხოვნის შესაბამისად გაიზრდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები