დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line ფლოტს ზრდის და წლის ბოლომდე 2 ბორანის მფლობელი იქნება

ქართული სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line ფლოტს ზრდის და წლის ბოლომდე 2 ბორანის მფლობელი იქნება

17-09-2024 10:00:00

ქართული სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line, რომელიც რუმინეთის მიმართულებით ოპერირებს და მალე ბულგარეთის მიმართულებასაც დაამატებს, საზღვაო ფლოტის ზრდას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-თან E60 Shipping Line-ს კომერციულმა დირექტორმა მიხეილ ბაბუნაშვილმა განუცხადა, კომპანია მეორე ხომალდის შეძენაზე ინტენსიურად მუშაობს და წლის ბოლომდე უკვე ორი საკუთარი საზღვაო ხომალდით იქნება წარმოდგენილი. 

ქართული სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line, რომელიც ბაზარზე 2023 წლიდან გამოჩნდა მალევე გაიზარდა და პარკს საკუთარი ლაინერი ოპერირების დაწყებიდან რამდენიმე თვეში შემატა. დღეისათვის E60 Shipping Line-ს ფლოტი ორ ერთეულ ხომალდს აერთიანებს, საიდანაც „აია“ E60 Shipping Line-ს საკუთრება. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ბორანი AIA 1995 წელს აშენდა, რომელიც E60 Shipping Line-მა შეისყიდა და გარემონტა 2024 წელს. ბორნის ეკიპაჟი მთლიანად საქართველოს მოქალაქეებისგან შედგება და თავად ბორანი ცურავს საქართველოს დროშის ქვეშ.

რაც შეეხება სატვირთო ბორანი „LIDER EXPRESS“ (IMO 8818312, MMSI 613606400) - აშენებულია 1991 წელს და მოძრაობს კამერუნის დროშით. იგი დაფრახტულია კომპანია E60 Shipping Line-ის მიერ 2024 წელს. ბორანზე არის კომფორტული კაბინები, რესტორანი და ბარი/ლაუნჯის სივრცე.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში E60 Shipping Line ფოთიდან ვარნას მიმართულებით სატვირთო რეისების დაწყებას გეგმავს. წინასწარვე ცნობილია, რომ ვარნას მიმართულებით მგზავრების გადაყვანა არ იგეგმება და ეს იქნება წმინდა სატვირთო გადაზიდვები. 

ფოთი-ვარნა-ფოთის რეისების დაწყების შემდეგ E60 Shipping Line რეისების დაწყებას ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდანაც განიხილავს. 

აღსანიშნავია, რომ ბულგარეთსა (ვარნა) და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა წლების წინაც ხორციელდებოდა, თუმცა უკვე პირველი შემთხვევაა, როდესაც აღნიშნულ მიმართულებას ქართული კომპანია და ქართულ საზღვაო რეესტრში რეგისტრირებული საზღვაო ხომალდი მოემსახურება. 

„ჩვენ ვართ პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით ტრანსპორტირების, ლოგისტიკისა და ნავსადგურების ოპერირების მიმართულებით გთავაზობთ შეუფერხებელ ტრანსპორტირებას რუმინეთსა და საქართველოს შორის.

როგორც საზღვაო დამაკავშირებელი E60 მაგისტრალისთვის, რომელიც გადის საფრანგეთიდან ყირგიზეთამდე, ჩვენი რეგულარული მიმოსვლა შავ ზღვაზე ხელს უწყობს ტრანსპორტირების განხორციელებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტრანსკასპიური შუა დერეფნის განვითარებაში.

ჩვენი ხედვაა გავაძლიეროთ კავშირი და ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ ზრდას ევროპასა და კავკასიის რეგიონს შორის, სწრაფი და ხელმისაწვდომი საბორნე მომსახურების შეთავაზებით.

ჩვენი მიზანია გავხდეთ ჩვენს რეგიონში სატრანსპორტო კომპანიების, ბიზნესების და მგზავრების სასურველი არჩევანი.

ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ სავაჭრო ურთიერთობებს და იმ რეგიონების ზრდას და განვითარებას, რომლებსაც ვემსახურებით“, - აღნიშნულია E60 Shipping Line-ის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.

.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები