დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული ფეხბურთი არამარტო იბრუნებს თავის დიდებას, არამედ კიდევ უფრო დიდებული მომავლის შესაქმნელად  ემზადება - ლევან დავითაშვილი

ქართული ფეხბურთი არამარტო იბრუნებს თავის დიდებას, არამედ კიდევ უფრო დიდებული მომავლის შესაქმნელად ემზადება - ლევან დავითაშვილი

27-06-2024 15:47:00

პირველი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს

 

„ვერანაირი ემოცია ვერ გამოხატავს სრულყოფილად იმ სიხარულს, იმ სიამაყეს, იმ განცდებს, რაც გუშინ საქართველომ მიიღო - ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შეუძლებელი არაფერია და მთელმა მსოფლიომ ნახა ქართველი ფეხბურთელების პროფესიონალიზმი, უმაღლესი კლასი და ერთიანი, გუნდური ბრძოლა ერთ-ერთ ძლევამოსილ საფეხბურთო ნაკრებთან გამარჯვების მოსაპოვებლად. როცა ევროპის შუაგულში, მთელი მსოფლიო უყურებს და ემოციით იმეორებს ქართველი ფეხბურთელების გვარებს და სახელებს, როცა ქართული სპორტის არაერთ სახეობაში მიღწეული წარმატებების დროს სიამაყით აფრიალებულ ქართულ დროშას უკვე საფეხბურთო სტადიონებზეც ხედავს მილიონობით ადამიანი, ეს  კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფაქტს, რომ საქართველო ევროპისა და  მსოფლიოს ცივილიზებული სამყაროს  განუყოფელი ნაწილია, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ყველა შესაძლებლობა, თავის უმთავრეს მიზნებს მიაღწიოს" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ბევრისთვის იყო ეს შედეგი დაუჯერებელი, მაგრამ ახლა, არამხოლოდ ფეხბურთის გულშემატკივრები, არამედ მართლა მთელი საქართველო უდიდესი სიამაყით, უდიდესი თავდაჯერებულობითა და იმედით ელოდება საქართველოს ნაკრების მომდევნო გამარჯვებებს. 

 

„დიახ, ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ ისტორია უკვე დაიწერა, ეს ნიშნავს, რომ მრავალი წლის შემდეგ ქართული ფეხბურთი არამარტო იბრუნებს თავის დიდებას, არამედ ახალი, კიდევ უფრო დიდებული მომავლის შესაქმნელად  ემზადება, რომელიც,  დარწმუნებული ვარ, არაერთ ლეგენდად დარჩება როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ფეხბურთის ფედერაციას და ფეხბურთის გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

 

„მჯერა, გუშინდელი გამარჯვება ქართული ფეხბურთის უდიდესი მომავლის დასაწყისია და მსურს, უდიდესი მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ფეხბურთელს, მთავარ მწვრთნელს, ფეხბურთის ფედერაციას და ყველას, ვინც თუნდაც უმცირესი წვლილი შეიტანა ამ გასაოცარი შედეგების მიღწევაში, მადლობა გულშემატკივრებს და მადლობა ყველა ადამიანს, ვინც თავისი მადლიერება გამოხატა საქართველოს ეროვნული ნაკრების მიმართ. ერთობით, შრომითა და მონდომებით კიდევ ბევრჯერ დავამტკიცებთ, რომ შეუძლებელი არაფერია" - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები