კოლხეთის ეროვნულ პარკს 2024 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 6268 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 76 %-ით არის გაზრდილი.
როგორც Business Insider Georgia-ს დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, საანგარიშო პერიოდში კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა 83% ქართველია, ხოლო 17% უცხოელი. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 81%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 57%-ით არის გაზრდილი.
მდინარე ფიჩორის ხეობაში არსებულ ტურისტულ თავშესაფარში, რომელიც 10 ადამიანს იტევს, ღამისთევის ღირებულება 120 ლარს შეადგენს. პანტონით და კიაკით გასეირნება, მარშრუტის და ადამიანთა რაოდენობის შესაბამისად 150-დან 500 ლარამდე მერყეობს.
კოლხეთის ეროვნული პარკი შეიქმნა 1999 წელს, იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ნაბადისა და ჭურიის უბნის მიმდებარე აკვატორიის ნაწილს და პალიასტომის ტბის აუზს. პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი. იგი გამოირჩევა ველური ფლორისა და ფაუნის მაღალი ბიომრავალფეროვნებით, ენდემური და რელიქტური სახეობების სიუხვით. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტები, ცალკეული ეკოსისტემები და ცენოზები.
მისი საერთო ფართობია 44308,5 ჰა-ია, რომლიდანაც ზღვის აკვატორია 15276 ჰა-ს შეადგენს.
ეროვნული პარკი 5 ადმინისტრაციული რაიონის - ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის - სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.
კოლხეთის ეროვნული პარკი მიეკუთვნება დაცული ტერიტორიების IUCN მეორე კატეგორიას. 1997 წლიდან მას იცავს რამსარის კონვენცია, რომელიც წარმოადგენს მთავრობათაშორის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს მიგრირებად, მიმომფრენ და წყალმცურავ ფრინველთა საბინადროდ ვარგისი არეალების დაცვას.
კოლხეთის ეროვნულ პარკში სტუმრობა მთელი წლის მანძილზე რეკომენდებულია. მდინერეების, ჭურიისა და ფიჩორის ხეობაში, ასევე, პალიასტომისა და ოქროს ტბაზე შესაძლებელია დაგეგმოთ ნავებით, კატერით, პანტონით და კაიაკით გასეირნება, შემდგომ კი კოლხური ტყისა და უნიკალური ჭაობების მონახულებას შეძლებთ. კოლხეთის ეროვნულ პარკში 100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის გადამფრენ ფრინველზე დაკვირვებისთვის, სათვალთვალო კოშკურებია მოწყობილი.
პარკში განსაკუთრებით საინტერესოა პალიასტომის ტბა, შავი ზღვის აკვატორია, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ვიზიტორებს პალიასტომის ტბასა და მდ. ფიჩორის ხეობაში სანაოსნო ტურებს, ასევე სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებას (ბერდვოჩინგს) და ეკო-საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.
უახლესი
14 საათის წინ
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა 10 დღის ვადაში შედგება15 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით