დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კარგია თუ კვოტები გაიზრდება და უფრო მეტ ქართველ მძღოლს შეეძლება ჩინეთიდან საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განხორციელება - SKYLOG

კარგია თუ კვოტები გაიზრდება და უფრო მეტ ქართველ მძღოლს შეეძლება ჩინეთიდან საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განხორციელება - SKYLOG

06-09-2024 22:59:00

საქართველო და ჩინეთი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი კვოტის ზრდაზე შეთანხმდნენ, რაც საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართულებით სატრანსპორტო ოპერაციების უკეთ დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.  
როგორც Business Insider Georgia-სთან ლოგისტიკური კომპანია SKYLOG-ის მმართველი პარტნიორი გიორგი ზუმბაძე განმარტავს, ქართული ბიზნესისთვის ძალიან კარგია რაც მეტი ქართული სატრანსპორტო საშუალება შევა ჩინეთის ტერიტორიაზე ტვირთების გამოსატანად. მისი თქმით, ქართული სატრანსპორტო კომპანიები ყაზახებისთვის უკვე სერიოზული კონკურენტები გახდნენ.

„გადაზიდვის ფასები დამოკიდებულია ბაზრის მოთხოვნებზე და გადაზიდვების მოცულობაზე. ზოგადად კონკურენციაზეც. ჩინეთიდან სახმელეთო გზით ტვირთების ტრანსპორტირებაზე აქტიურად მუშაობენ ყაზახური სატრანსპორტო კომპანიები და ასევე მეტ-ნაკლებად უზბეკური კომპანიები. რა საკვირველია განვლილმა პერიოდმა, 1 ივნისიდან დღემდე, რაც ქართველ მძღოლებს ჩინეთში უვიზოდ შესვლის შესაძლებლობა მიეცათ, რაზეც ჩვენ როგორც ერთ-ერთი ქართული გადამზიდავი კომპანია „ვოცნებობდით“, რომ ქართული მანქანები შესულიყვნენ ჩინეთში, საკმაოდ დიდი გეოგრაფიული არეალი და შესაძლებლობები გაუხსნა ქართველ მძღოლებს.

ქართველი მძღოლები და ქართული კომპანიები უკვე სეროზული კონკურენტები გახდნენ ყაზახური კომპანიებისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი მძღოლი გვიკავშირდება, ბევრთან გვაქვს ურთიერთობა, იცით რომ ურუმჩში საწყობი გვაქვს სადაც შეგვყავს სატვირთო ავტომობილები და იქიდან ვახდენთ ტრანსპორტირებას - ბევრმა მძღოლმა, რომელსაც აზიის მიმართულებით არ უვლია უკვე აიღო შესაბამისი ნებართვები, რომ ჩინეთის მიმართულებით შეასრულონ რეისები. ტვირთი ძალიან ბევრია, გინდათ სომხური და ყაზახური, ასევე ქართული და ევროპულიც კი. ქართველი მძღოლები და სატრანსპორტო კომპანიები უკვე აღნიშნულ ტვირთებსაც ეზიდებიან. იცით, რომ საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა. კარგია თუ კვოტები გაიზრდება და უფრო მეტ ქართველ მძღოლს შეეძლება შესვლა. ეს გარკვეულწილად გაზრდის კონკურენციას. ახლა ისეთ სეზონში შევდივართ, რომ მოთხოვნა და შესაბამისად ტვირთბრუნვა იზრდება. ზოგადად, ბოლო პერიოდში, ტრანსპორტირების ფასმა აიწია. თავიდან უფრო იაფად დადიოდნენ ქართველი მძღოლები, მაგრამ რეალურად ახლა მოთხოვნა გაიზარდა და ფასმაც მოიმატა. თუმცა რაც უფრო მეტი ქართული ავტომობილი წავა ჩინეთის მიმართულებით, როგორც წესი ეს ფასებზე დადებითად უნდა აისახოს“, - განმარტავს  გიორგი ზუმბაძე.
როგორც ცნობილია, ჩინეთიდან საქართველოში ტვირთის სახმელეთო გზით ჩამოტანის სერვისის ამოქმედების შემდეგ, SKYLOG-ი ურუმჩის საწყობიდან მხოლოდ ქართულ სატვირთო ავტომობილებს ტვირთავს.

„ამ სქემის ამოქმედებამ ქართულ სატრანსპორტო საშუალებებს ახალი გეოგრაფიული არეალი გაუხსნა და მეტი შესაძლებლობები გაუჩინა, პლუს საფასო პოლიტიკაშიც შეღავათები გვაქვს. თუ აქამდე ყაზახურ სატვირთო ავტომობილებს ვიყენებდით, დღეს უკვე ძირითადად ქართულ სატვირთო ავტომობილებს ვტვირთავთ. იმ ფონზე როდესაც საზღვაო გადაზიდვების ვადები არის თითქმის გაორმაგებული, ქართველ იმპორტიორებს აუცილებლად სჭირდებათ ტვირთის სწრაფად მიღების ალტერნატიული გზები, სწორედ ასეთია საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები. 

SKYLOG-ი საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურების მაღალ ხარისხს და მოკლე ვადებს და რაც მთავარია ტვირთის დაზღვევას. ნებისმიერი ტვირთი, რომელსაც ჩვენ გადავზიდავთ არის დაზღვეული. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ქართულ სატრანსპორტო საშუალებებზე და ურუმჩში ძირითადად ქართულ სატრანსპორტო საშუალებებს ვტვირთავთ. დაზიანების შემთხვევები მინიმუმამდე გვაქვს დაყვანილი, იმიტომ რომ ჩვენივე საწყობში ჩვენივე ზედამხედველობის ქვეშ იტვირთება ტვირთი. ეს ყველაფერი ერთად განაპირობებს  SKYLOG-ის მიმართ კლიენტების დამოკიდებულებას“, - ამბობს  SKYLOG-ის მმართველი პარტნიორი.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ. პეკინში  საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველო - ჩინეთის პირველი შერეული კომისიის სხდომა გაიმართა.
საქართველოს მხრიდან სხდომას ~ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ლევან გამყრელიძე ხელმძღვანელობდა, ხოლო ჩინეთის მხრიდან - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს, ტრანსპორტის სერვისების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე  ვანგ ჰიუჩუნი.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო  რესპუბლიკას შორის საავტომობილო მიმოსვლის სფეროში სატრანსპორტო-ლოგისტიკური, მათ შორის სატვირთო გადაზიდვების სექტორის განვითარების, ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები.
მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები ასევე შეთანხმდნენ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი კვოტის ზრდაზე, რაც საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართულებით სატრანსპორტო ოპერაციების უკეთ დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.  
კომისიის სხდომაზე საუბარი წარიმართა  ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო საავტომობილო  გადაზიდვა/გადაყვანებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, გამოიკვეთა არსებული გამოწვევები და შეთანხმების საფუძველზე  განისაზღვრა უფლებამოსილი პირების მიერ განსახორციელებელი   ღონისძიებები. 
შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს ლოგისტიკური ცენტრების შექმნის შესაძლებლობები და ამ მიზნით შემდგომ თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვეს.
კომისიის სხდომაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც საავტომობილო ტრანსპორტის სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების კუთხით, ისე სატრანზიტო მიმოსვლის მიმართულებით.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები