დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კარგი იქნება, თუკი საბიუჯეტო რესურსით სტუდენტური საცხოვრებლები აშენდება - გიორგი ცუცქირიძე

კარგი იქნება, თუკი საბიუჯეტო რესურსით სტუდენტური საცხოვრებლები აშენდება - გიორგი ცუცქირიძე

19-09-2023 18:00:45

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე ფიქრობს, რომ საბიუჯეტო რესურსის ზრდა საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებას და ყველა იმ პრობლემის გადაჭრას მოხმარდება, რომლის განხორციელებაც ქვეყნის მოქალაქეებისთვის პრიორიტეტულია. ცუცქირიძის შეფასებით, ასეთია ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური საკითხები და განათლება, რა მიმართულებითაც ბიუჯეტი იზრდება.

ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, ეკონომისტის შეფასებით, სტუდენტური საცხოვრებლების მშენებლობაა და კარგი იქნება, თუ მთავრობა ამ საკითხის გადაჭრას შეძლებს.

„ცნობილი გახდა, რომ ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების გეგმური მაჩვენებელი იზრდება 800 მილიონ ლარზე მეტით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას უჩნდება რესურსი, გაზრდილი შემოსავლების სხვადასხვა მიმართულება დააფინანსოს.

რამდენადაც ვიცი, ჯანდაცვის დაფინანსება იზრდება. მათ შორის, ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ. გარდა ამისა, ხარჯი მიმართული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, ვინაიდან დიდი პრობლემა შეგვექმნა ბუნებრივი კატაკლიზმების გამო. საბიუჯეტო რესურსი სტიქიის შედეგად დაზარალებული რეგიონების აღდგენასაც გულისხმობს.

ასევე გამოიყო თანხა სტატუსშეჩერებული სტუდენტების დასაფინანსებლად და სხვა, რაც ძალიან კარგია. თუმცა სწორი მიდგომა იქნება, თუკი გარკვეული თანხა სტუდენტური საცხოვრებლების ასაშენებლად გადამისამართდება. სავარაუდოდ, მთავრობა მომავალში ამასაც გაითვალისწინებს. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე სოციალური პროექტების დაფინანსებას, რაც თითოეული ადამიანის კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს", - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების წარმოდგენილი ცვლილებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად შეადგენს 22 311,3 მლნ ლარს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 431,2 მლნ ლარით. და რაც თანმდევია, შემცირებული ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლისაც და 2,6%-ს შეადგენს, რაც დაბალია მიზნობრივ (3%-იან) მაჩვენებელზე.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, უკვე მესამე წელია მთავრობა დაგეგმილ ბიუჯეტს ცვლის და ზრდის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები