სამეგრელოსგან განსხვავებით თხილი კახეთში, სულ მცირე, 2 ლარით ძვირია. მიუხედავად იმისა, რომ საფასო სტანდარტი ერთნაირია, ხარისხის გამო პროდუქტის შემსყიდველები კახეთში მიღებულ პროდუქტში გაცილებით მეტს იხდიან. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia-თან თხილის მწარმოებელთა ასოციაციის კახეთის რეგიონის კოორდინატორი გიორგი კალანდია საუბრობს.
,,კახეთის რეგიონი მაღალი ხარისხის თხილითაა ცნობილი. აქ მოყვანილ თხილს, სამეგრელოსგან განსხვავებით, მაღალი გამოსავლიანობა აქვს. ეს არის ძირითადად ანაკლიური ჯიშის თხილი. რაც შეხება გამოსავლიანობას, თუ სამეგრელოში საშუალოდ ეს არის 38-39%, კახეთში 45%-ის ფარგლებშია.
ეს არის სხვადასხვა ფაქტორზე დამოკიდებული - კლიმატი და ფერმერების მხრიდან სამეურნეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის უფრო მაღალი დონე. უნდა ვაღიაროთ, რომ ფერმერული მეურნეობა კახეთის რეგიონში საკმაოდ მაღალ დონეზეა. უფრო ინტენსიურად იწამლება როგორც ვენახი, ასევე ბოსტნეული კულტურები და ხეხილის ბაღები.
შესაბამისად, ფაროსანას პრობლემა არ დგას, რაც სამეგრელოში ჯერაც დიდი გამოწვევაა. თუკი ,,გავაზურას“ ჯიშის თხილს ავიღებთ, A კატეგორიისაა და მისი გამოსავლიანობა 50%-საც კი აღწევს.
აქედან გამომდინარე, თუკი პროდუქტის შემსყიდველები სამეგრელოში 1 კილოგრამ თხილს 3-4 ლარად ყიდულობენ, კახეთში კი ფასი 5-6 ლარის ფარგლებშია“, - განმარტავს გიორგი კალანდია.
მისი ინფორმაციით, კახეთში წარმოებული თხილის ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია, გარკვეული რაოდენობით გადის სომხეთსა და ჩინეთშიც.
რაც შეეხება ჯიშებს, კახეთში ძირითადად სამი სახეობის თხილია გავრცელებული: ანაკლიური, ბარსელონა და გავაზურა. თხილის ბაღების გაშენებისას სპეციალისტები რეკომენდაციას ადგილობრივ - ქართულ ენდემურ ჯიშებს უწევენ.
უახლესი
31 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია1 საათის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს