დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
WEEKEND-ზე ბოტანიკურ ბაღში ‘’პურის ფესტივალი’’ იმართება

WEEKEND-ზე ბოტანიკურ ბაღში ‘’პურის ფესტივალი’’ იმართება

22-09-2023 02:45:50

23-24 ოქტომბერს WEEKEND-ზე ბოტანიკურ ბაღში ‘’პურის ფესტივალი’’ იმართება. 

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით ‘’პურის ფესტივალი’’ მეოთხედ გაიმართება.
ღონისძიებას ქართული ფოლკლორული ანსამბლი “მჭელი” გახსნის.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო და სადემონსტრაციო პროდუქცია.

სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში პურის ცხობის მასტერკლასები მოეწყობა. დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში იხილავს შემეცნებით ილუსტრაციას ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ. 

ქართული ღვინის გილდიის მიერ წარმოდგენილი იქნება ღვინის კუთხე, სადაც დაინტერესებული პირები გაეცნობიან ქართული ღვინის ისტორიას და დააგემოვნებენ სხვადასხვა სახეობის ღვინოს.

ქართული ღვინის გილდიის მიერ შერჩეული იქნება მხოლოდ მაღალი ხარისხის სხვადასხვა სახეობის ღვინოები, რომლებსაც თავად მწარმოებლები წარადგენენ ფესტივალზე.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართული, ტრადიციული თემატური სამოსი, ასევე ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები. 

„პურის ფესტივალზე’’ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობის ქართული პური, დაესწროს მესხური ქადების, ცომის ზელვისა და თონეში პურის ცხობის მასტერკლასს და ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში.

ფესტივალს მუსიკალურად გიორგი ცხადაძე, თაკო კაკალაშვილი და ბენდი 4+2 გააფორმებს. ღონისძიების დასასრულს ''პურის ფესტივალზე'' გელოდებათ გიგი პიანომენის ცოცხალი შესრულება. ღონისძიებას წარუძღვება ანდრია გველესიანი 12:00 საათიდან 14:00 საათამდე

ბოტანიკურ ბაღში ბილეთის საფასურია:

ზრდასრული - 4₾
სკოლის მოსწავლე - 50თ
პენსიონერი - 1 ₾
სტუდენტი - 1 ₾
სოც.დაუცველი - უფასო
სკოლამდელი ასაკის ბავშვები - უფასო. 

ბოტანიკური ბაღის გადაწყვეტილებით, ფესტივალი ჩატარდება და გია გაბრიჭიძეს მიეძღვნება. გია გაბრიჭიძეს წლების განმავლობაში დიდი წვლილი მიუძღვის აღნიშნული ფესტივალის ორგანიზებაში.
მისი დაწყებული საქმე კი გუნდის დანარჩენმა წევრებმა დაასრულეს, სწორედ მის საპატივცემულოდ გაიმართება “პურის ფესტივალი”, რომელიც მას გამორჩეულად უყვარდა🤍

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები