დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვიცი, რომ ქართველი ხალხი და ოფიციალური პირები ჩვენს გვერდით არიან - ისრაელის ელჩი

ვიცი, რომ ქართველი ხალხი და ოფიციალური პირები ჩვენს გვერდით არიან - ისრაელის ელჩი

09-10-2023 20:20:39

ჩვენ ყველას ვურჩევთ, რომ მიჰყვნენ ზოგად ინსტრუქციას, რომელსაც ისრაელში ყველა უნდა დაემორჩილოს , - განმარტავს ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი. ელჩის განმარტებით, ყველამ უნდა გააკეთოს ის, რასაც მათ დასაცავად მიუთითებენ.

„მხოლოდ ქართველები არ გვყავს. ჩვენ ძალიან ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქე გვყავს. ამ მომენტში ბევრი უცხოელი ცხოვრობს ისრაელში. ნათელია, რომ ასეთ დროს ავიაკომპანიებზე ძალიან დიდი ზეწოლაა. თუმცა ყველა დაფრინავს, აეროპორტი ღიაა. მე შემიძლია ადამიანებს ვურჩიო, რომ ინსტრუქციები გაითვალისწინონ“, - განაცხადა ელჩმა.

როგორც ცნობილია  ჰადას მეიცადი დღეს ქვეყნის პირველ დიპლომატს შეხვდა.

„ახლახან მქონდა მინისტრთან შეხვედრა. მან კიდევ ერთხელ გამოხატა ისრაელის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა და სოლიდარობა. ამისთვის მადლიერი ვარ. შემდეგ ჩვენ მიმდინარე მოვლენები განვიხილეთ. თუ რისი გაკეთება შეიძლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ვიცი, რომ საქართველოს ისრაელის ესმის. ეს არის მეგობრობა, სოლიდარობა, თუმცა ასევე არის ის ღრმა აღქმა, რომელიც ჩვენი მსგავსებიდან გამომდინარეა. ვიცი, რომ ქართველი ხალხი და ოფიციალური პირები ჩვენს გვერდით არიან. ამისთვის ძალიან მადლიერები ვართ“, - განაცხადა ელჩმა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

ელჩმა მედიასთან თქვა ისიც, რომ შაბათს ჰამასის მხრიდან სასტიკი თავდასხმა მოხდა, დღეს კი სამწუხაროდ ისრაელის დიდ ნაწილზე ფართომასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა იერუსალიმში, თელ ავივში, აშკელონსა და აშდოდში.

„სამწუხაროდ ორი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ძალიან ბევრ ისრაელელს კიდევ ერთხელ მოუხდა თავშესაფრებში ჩასვლა. თუმცა უსაფრთხოების ძალები სამხრეთში ვითარებას აკონტროლებენ. ამ ეტაპზე ისრაელის სამხრეთის ქალაქებში აქტიური დაპირისპირებები აღარ მიმდინარეობს. გვქონდა ინციდენტი ლიბანიდან ტერორისტების გადმოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული ინციდენტი ახლა კონტროლს ექვემდებარება. ეს ომია. რაც ახლა გვაქვს, ომია. ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ მოქალაქეების უსაფრთხოების აღდგენაზე. მკაფიოდ აღვნიშნავთ, რომ ჰამასი და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები ამდენი ადამიანის სიკვდილისთვის და გატაცებისთვის პასუხს აგებენ. მათ მთლიანი ოჯახები მოკლეს. ძალიან რთულია სისასტიკის ამ მაჩვენებლის გააზრება. თუმცა ამავდროულად არავის უნდა აერიოს ეს სისუსტეში, ჩვენ მყარად ვდგავართ და ძლიერები ვართ. რთული პერიოდი გვაქვს. მაგრამ ასევე ვიცით, როგორც უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველამ პასუხი აგოს“,- განაცხადა ელჩმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ისრაელში განვითარებული მოვლენები. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისრაელელ დიპლომატს დაუდასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის სახელმწიფოს მიმართ, და კიდევ ერთხელ დაგმო ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული შეტევა და მიუსამძიმრა დაღუპულთა გამო.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს არსებულ მჭიდრო  თანამშრომლობას ყველა აქტუალურ საკითხზე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები