ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვის ხელმძღვანელობით დღეს საქართველოს პორტები, საზღვაო ინფრასტრუქტურა და ამ სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
დელეგაციას ბათუმსა და ფოთში ლევან დავითაშვილთან ერთად აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა უმასპინძლეს. მათ უზბეკ სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს ფოთის საზღვაო პორტი და აკვატორია სანაპირო დაცვის გემით, ასევე გაეცნენ ბათუმის პორტის ინფრასტრუქტურას და მუშაობას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს.
„ჩვენ ერთად მოვინახულეთ საქართველოს საზღვაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები. ვეწვიეთ როგორც ბათუმის, ისე ფოთის პორტს და გვქონდა ვიზიტი ანაკლიის პორტში, რომელიც სახელმწიფოს მიერ განხორციელდება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ შუა აზიის რესპუბლიკებთან ერთად გვექნება თანამშრომლობის შესაძლებლობები - საუბარია ახალ, სტრატეგიულ თანამშრომლობაზე შუა აზიის ქვეყნებთან, მათ შორის განსაკუთრებით უზბეკეთთან, რომელსაც მინერალური სასუქების, სხვადასხვა ქიმიური და სამთო-პროდუქციის მზარდი წარმოება აქვს, მათი უმოკლესი გზით ევროპაში გატანა კი სწორედ საქართველოს მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს. ამიტომ ჩვენ შევეხეთ ერთობლივი საწარმოების, ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
უზბეკეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვის ხელმძღვანელობით საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. საქართველოს მთავრობის პირველ პირებთან გამართულ პირისპირ თუ გაფართოებული ფორმატის შეხვედრებზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო და უზბეკეთი წლებია, სტაბილურად პარტნიორობენ, თუმცა, ამ მხრივ ურთიერთობების ზრდა/განვითარების კიდევ უფრო დიდი, მრავალმხრივი პერსპექტივები არსებობს, რომელთა რეალიზებაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანია. ამასთან, უზბეკეთის მთავრობის წევრებმა დაინტერესება გამოხატეს „შუა სატრანსპორტო დერეფნის“ და ამ მარშრუტის განვითარების საკითხთან დაკავშირებით.
როგორც აღინიშნა, უზბეკური მხარე დაინტერესებულია საქართველოსთან ეკონომიკის სხვადასხვა დარგში მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის ტურიზმის, სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბების, ტექსტილის წარმოების და ა.შ. მიმართულებით, ასევე რამდენიმე სექტორში საინვესტიციო პროექტების განხორციელებით. დღეს უზბეკეთის დელეგაციის წევრებმა ფოთში ვიზიტისას თავისუფალი ეკონომიკური ზონა და ტექსტილის საწარმოც დაათვალიერეს.
აღსანიშნავია, რომ უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და უზბეკეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს-საბჭოს დაარსებასთან დაკავშირებით.
„დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო, სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრის განვითარებაში, უზბეკეთთან თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს ჩვენ ასევე ვეწვიეთ ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას და აქაც გამოიკვეთა თანამშრომლობის პერსპექტივები კერძოდ ერთობლივი საწარმოების შექმნის კუთხით, იმისთვის, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები მაქსიმალურად ოპტიმალურად იყოს გამოყენებული უზბეკ პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს საღამოს დასრულდა.
უახლესი
48 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია