დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უკრაინაში ომის გამო შეჩერებული ექსპორტი განახლდა და პირველი შეკვეთაც მივიღეთ - ,,ფარკონი"

უკრაინაში ომის გამო შეჩერებული ექსპორტი განახლდა და პირველი შეკვეთაც მივიღეთ - ,,ფარკონი"

24-11-2023 12:15:20

სანელებლების მწარმოებელი ცნობილი ბრენდი ,,ფარკონი" უკრაინაში ექსპორტისთვის განაახლებს.

როგორც კომპანიის ექსპორტ-იმპორტის მენეჯერმა გიორგი ალფაიძემ Business Insider Georgia-ს გაუცხადა, ომამდე აქტიურად გადიოდნენ უკრაინაში და ეს მიმართულება დროებით დაკეტილი იყო. ამ ეტაპზე უკრაინიდან კომპანიამ შეკვეთა მიიღო და ახალი პარტიის გასაგზავნად ემზადება.

,,ჩვენი ბრენდი უკრაინაში გადიოდა ომამდე და უკვე განვაახლებთ ექსპორტს. ამისთვის პარტნიორები მზად არიან, ჩვენს გამოვთქვით მზაობა და ახალ პარტიას მალე გავაგზავნით, კონკრეტულ ვადაზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ. პარალელურად ,,ფარკონი" გადის ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ს ბაზრებზე, რაც ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებებია", - ამბობს გიორგი ალფაიძე.

კომპანიის ექსპორტ-იმპორტის მენეჯერმა Business Insider Georgia-თან მიმდინარე წელიც შეაფასა და აღნიშნა, რომ წარმოებაში მნიშვნელოვანი ზრდაა, რაც მომავალშიც გაგრძელდება.  

,,ძალიან აქტიური წელია, USAID-ის (სოფლის მეურნეობის პროგრამა) დახმარებით დანადგარები მივიღეთ და ახალი შენობა-ნაგებობა გავაფართოვეთ. ძალიან გვეხმარება საქართველოს მთავრობაც. ამ მხრივ დიდ დახმარებას გვიწევს გლობალურ გამოფენებში მონაწილეობა, რამაც ჩვენი კომპანიის ცნობადობა ძალიან გაზარდა.
ზოგადად, გამოფენა ჩვენთვის და ქართული ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული ბრენდების ექსპორტზე წარდგენა დამოუკიდებლად საკმაოდ რთულია. გლობალურ გამოფენებში მონაწილეობით  გვეძლევა საშუალება, რომ უცხოური ბრენდების შეკვეთით ვაწარმოოთ პროდუქცია ქართულ ბაზარზე და  ექსპორტზე გავიდეს, როგორც Made in Georgia. ამ ეტაპზე ვთანამშრომლობთ მსხვილ უცხოურ დამკვეთებთან, რომლებიც  ქართული სანელებლებით დაინტერესდნენ. ვიმედოვნებთ, რომ ხარისხის და წარმოების კონტროლის ეტაპების გავლის  შემდეგ, გავაფორმებთ კონტრაქტებს და დავიწყებთ შეკვეთებზე მუშაობას", - აღნიშნა გიორგი ალფაიძემ.

ცნობისთვის, 1997 წელს დაფუძნებული კომპანია ,,ფარკონი" 2 საწარმოს ფლობს, სადაც ველური სამკურნალო მცენარეების, ტყის ხმელი კენკრის, დაფნის ფოთლისა და სანელებლების გადამუშავება მიმდინარეობს. სანელებლების დიდი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება სამკურნალო მცენარეები კი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში გადის ექსპორტზე. 

კომპანიაში 40-მდე ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები