დაახლოებით 10 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ. მათ შორის ქართულ ტრადიციული წესით ქვევრში დამზადებულ ნატურალურ ბიო ღვინოს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ღვინის კომპანია „დო რე მი“-ს გაყიდვების მენეჯერმა ირაკლი დავითაიამ განუცხადა.
კომპანია მარანსა და ვენახებს ფლობს კახეთში, ახმეტის რაიონის სოფელ ოჟიოში.
„ეს რაიონი არის მიკროზონა კახური მწვანისთვის. გვაქვს 8 ჰექტარზე გაშენებული ვენახი. აქედან 2 ჰექტარზე მიკროზონის კახური მწვანე, ასევე ქისი, ხიხვი, საფერავი.2 ჰექტარზე გაშენებული გვაქვს საკოლექციო ჯიშები: იყალთოს წითელი, ახმეტის შავი. ასევე ერთ ჰექტარზე გვაქვს გაშენებული რქაწითელი“, - აღნიშნა ირაკლი დავითაიამ.
„დო რე მი“-ს წარმადობა 50 ათას ბოთლამდეა, საიდანაც 90% ექსპორტზე, ხოლო დანარჩენი 10% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.
„ექსპორტზე წარმოდგენილი ვართ 20 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, იაპონიაში, ავსტრალიაში, გერმანიაში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში. ასევე გვაქვს გაყიდვები პოლონეთსა და ბულგარეთში. ჩვენთვის დიდი ბაზარია უკრაინა. ასევე შესული ვართ ჩინეთის ბაზარზე, ტაივანსა და ტაილანდში. 2024 წელს აზიის ბაზრებზე ვფიქრობთ გაყიდვების გაზრდას, თუმცა ჩვენი სამიზნე ბაზრებია აშშ, იაპონია და ავსტრალია. ჩვენი ღვინო პრემიუმ სეგმენტში იყიდება. ევროპაში, დახლზე ერთი ბოთლის ფასი 30 ევროა, ხოლო ჰორეკა სექტორში 50-60 ევროს ფარგლებშია“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
ღვინის კომპანია „დო რე მი“ 2014 წელს გამოჩნდა ადგილობრივ ბაზარზე. ამ დროისთვის 20 ბაზარზე წარმოდგენილი და აშშ-ი 2023 წლის საუკეთესო ღვინოების 100-ში შევიდა.
უახლესი
58 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა