დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა

16-01-2024 11:54:00

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა.

თბილისის მერიის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა ვადებზე არ იმოქმედებს და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დათქმულ ვადაში აღდგება.

„თბილისის მერიას, უშუალოდ თბილისის მერს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება კონტრაქტორი კომპანიების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.

თითქმის ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესში თავს იჩენს კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ხორციელდება მკაცრი მონიტორინგი და ხდება კომპანიების გაფრთხილება, დაჯარიმება ან ხელშეკრულების გაწყვეტა.

ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისას, თუმცა კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში“,- ნათქვამია მერიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას ახორციელებდა „მილენიუმ ბილდერს გრუპი" და "ერ ტე დე"

 

მერიის თქმით, კონტრაქტორებმა არ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულებები, რამაც პროცესის გაჭიანურება გამოიწვია. გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადდა გამარტივებული შესყიდვა, რომლის ღირებულებაც 17.7 მილიონი ლარია.

ინსპექტირების აქტებით დადასტურდა სამუშაოების არ წარმოების შემთხვევები, გრაფიკთან ჩამორჩენა. "თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის" წერილით კი ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს უხარისხოდ.

"მერიის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით NAT230001040, NAT230001041, NAT230001042 აღებულ იქნა ვალდებულება, ქ. თბილისში, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ობიექტზე პერიოდულად ჩატარებული ინსპექტირებების შედეგად, ნათლად გამოჩნდა, რომ ზემოაღნიშნული სამუშაოები არ მიმდინარეობდა. დაფიქსირებული იქნა, ხელშეკრულების პირობების არაერთი დარღვევა, როგორც ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის (ინსპექტირება) განმახორციელებელი პირებისგან, ასევე ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირებისგანაც.

კერძოდ, ინსპექტირების აქტებით დადასტურებულია სამუშაოების არ წარმოების შემთხვევები, წარმოდგენილ გეგმა-გრაფიკთან მიმართებით ჩამორჩენა. ტექნიკური ზედამხედველის ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ წერილებით ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს უხარისხოდ პროექტთან შეუსაბამოდ. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ, ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე, შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება ცალმხრივად შეეწყვიტა 2023 წლის 27 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ერ ტე დე“-ს (ს/ნ: 406102550), ასევე შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპ“-თან (ს/ნ: 400118047) დადებული ხელშეკრულებები (ხელშეკრულებები: N01.01.01/30/84, N01.01.01/30/85 და N01.01.01/30/86).

ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში, კომპანიების მხრიდან, ობიექტზე შეფერხებით სრულდებოდა სამუშაოები, რაც დასტურდება სამუშაოების დროს განხორციელებული ინსპექტირებებით და გატარებული სანქციებით. გარდა იმისა, რომ ფეხით მოსიარულეებს და საავტომობილო მძღოლებს მუდმივად ექმნებათ პრობლემები, აქამდე შესრულებულ სამუშაოების ნაწილი ზიანდება მექანიკური ზემოქმედებით, რის გამოც დამატებითი რესურსები ხდება საჭირო მათ გამოსასწორებლად, რაც კიდევ უფრო ზრდის ობიექტის დასრულების ვადას", - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის მაისში დაიწყო და მერიის განცხადებით, 2024 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია სამ ლოტად მიმდინარეობს. ორ ლოტზე (ღირებულება 22.2 მილიონი ლარი) სამუშაოებს "მილენიუმ ბილდერს გრუპი" ახორციელებდა, ხოლო კომპანია "ერ ტე დე" ერთ ლოტზე მუშაობდა, რომლის ღირებულებაც 9 მილიონი ლარი იყო. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები