დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის ახალი აეროპორტი 20 მილიონამდე მგზავრს გაატარებს - ირაკლი ქარქაშაძე

თბილისის ახალი აეროპორტი 20 მილიონამდე მგზავრს გაატარებს - ირაკლი ქარქაშაძე

18-11-2024 15:00:00
თბილისში ახალი აეროპორტის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ერთი, ძალიან სწრაფად ვითარდება ჩვენი ავიაბაზარი და მეორე, რა არის მსოფლიო ტრენდი, - ამის შესახებ   „იმედის დილის“ ეთერში რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორთან გიორგი აბაშიშვილთან ინტერვიუში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა. 
ირაკლი ქარქაშაძის შეფასებით, ავიაციას ახასიათებს ერთი საინტერესო, არც თუ ისე უცნაური მოვლენა. კერძოდ, რთულია დაეწიო პროგრესს, რომელიც დღეს გვაქვს და ამიტომ აეროპორტების გაერთიანებამ უნდა განსაზღვროს ის პოტენციური ზრდა, რაც შეიძლება მომავალში საქართველოს ამ მიმართულებით ჰქონდეს.  
„გულწრფელად გეტყვით, დღეს საკმაოდ ბევრ გამოწვევას ვხვდებით, ბევრი ავიაკომპანიისთვის სწორი დროის შერჩევაც მნიშვნელოვანია, რათა არ დაემთხვეს გადატვირთულ პიკის საათებს და ავიაკომპანიები გადავანაწილოთ ისე, რომ მგზავრებისთვის იყოს კომფორტული. 
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დღევანდელი გამტარუნარიანობა დატვირთულ რეჟიმში არის  დაახლოებით 5 მილიონი. ჩვენ ოთხ მილიონს უკვე გადავაჭარბეთ და გამტარუნარიანობის რესურსი იწურება და პოტენციური გაფართოების რესურსი აქ ძალიან მწირია. ეს აეროპორტი დაპროექტდა 60-70 წლის წინ და მაშინ რა თქმა უნდა წარმოუდგენელი იყო ამ რეალობის გათვალისწინება. 
აქედან გამომდინარე დღის წესრიგში დადგა და მთავრობის ინიციატივით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოვახდენთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რელოკაცია ვაზიანის აეროდრომზე სადაც, პირველი ფაზისთვის ორჯერ მეტია ხელმისაწვდომი მიწის ნაკვეთი და ფართი სადაც ჩვენ ავაშენებთ ახალ აეროპორტს.
პირველი ეტაპი, რაზეც ახალა ჩვენ ვმუშაობთ და ეს არ არის აეროპორტის მაქსიმუმი, ჩვენ ვგეგმავთ 200-დან 25-წლამდე პერსპექტივას და 20-მილიონამდე მგზავრთნაკადის გამტარუნარიანობის აეროპორტისა და ტერმინალის მშენებლობას. 
ეს თავისთავად ვერ მოვა  და ამას სჭირდება ბევრი მუშაობა, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის, არამედ ჰაბის პრინციპია, რომ შეაგროვოს მგზავრთა ნაკადი და შემდეგ გაშალოს. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ გვყავდეს ძლიერი ქართული ავიაკომპანიები, ამას უცხოური კომპანიები ვერ გააკეთებენ. 
ამიტომ ჩვენ გვჭირდება ძლიერი ადგილობრივი კერძო სექტორი და სწორედ მათთან თანამშრომლობით ჩვენ შევძლებთ ჰაბის პრინციპით, ეს არის აქტუალური თემა, რომ რეგიონში ჰაბად გარდავიქმნათ“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. 
მისი თქმით, ამის თამამად გაცხადების საშუალებას 2024 წელს საქართველოს ავიაბაზარზე მიმდინარე ტენდენცია აძლევს. 
„ჩვენ 10 თვის პერსპექტივას თუ შევხედავთ, TOP-5 ავიაკომპანია არის „ვიზ ეარი“ რომელსაც ბაზრის 20% უჭირავს და შემდეგ 7,9%-ით მოდის „თურქეთის ავიახაზები“ და შემდეგ 7,8%-ით მოდის „ჯორჯიან ეარვეისი“ და ვხედავთ, თუ როგორ მიუახლოვდა ქართული ავიაკომპანია ერთ-ერთ უმსხვილეს გადამყვანს ჩვენს ბაზარზე. გვახსოვს ბაზრის სხვა გადანაწილებას, როდესაც ამ ორი ავიაკომპანიის წილი უფრო მაღალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მათი მგზავრთნაკადი ორჯერაა გაზრდილი, ბაზრის გადანაწილების მაჩვენებელი შეიცვალა“,- აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები