20 მარტიდან A კატეგორიის ტაქსის ნებართვების ძველი სისტემით გაცემა შეწყდება. თბილისის მერის ამ გადაწყვეტილებას ტაქსის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ აგლაძე დადებითად აფასებს.
როგორც ის Business Insider Georgia - თან აცხადებს, ბაზარს რეგულაცია სჭირდება.
„ტაქსების ბაზარზე შეიქმნა ვითარება, როცა რეგულაცია გახდა საჭირო. ეს მეთოდი დიდი ხანია დანერგილია ნიუ-იორკსა და სხვა ქალაქებში. საქართველოშიც ბაზარი მივიდა იმ დონემდე, რომ ტაქსის ბიზნესის კაპიტალიზაცია მოხდეს და ძველი სისტემით A კატეგორიის ტაქსებზე ნებართვები არ გაიცეს. ყველა ვეღარ გახდება ტაქსის მძღოლი, თუ მუშაობა უნდათ, მაშინ შესაბამისი მანქანები უნდა შეიძინონ და ისე აიღონ ლიცენზიები“, - ამბობს ზურაბ აგლაძე.
მისი თქმით, ამ ცვლილებების ფონზე მოსალოდნელია, რომ ბაზარზე B კატეგორიის ტაქსის რაოდენობა გაიზრდება.
„რეგულაციაც ზუსტად იმიტომ შემუშავდა, რომ ბაზარზე დარჩეს მძღოლების ის კატეგორია, ვინც მიიჩნევს, რომ „ტაქსისტობა“ პროფესიაა. სფერო უფრო მოწესრიგებული და თანამედროვე სტანდარტთან შესაბამისი გახდება“, - ამბობს ზურაბ აგლაძე Business Insider Georgia - თან.
შეგახსენებთ, რომ პირველი აპრილიდან ტაქსებზე ნებართვების გაცემის განსხვავებული მოდელი ამოქმედდება და ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები.
თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმართა A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომ თუ 20 მარტამდე მუნიციპალიტეტს არ მიმართავენ, უვადო ნებართვებს ვეღარ მიიღებენ.
უახლესი
10 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება