მთის კურორტებზე ზაფხულის სეზონი საკმაოდ აქტიურია. სასტუმროებში აცხადებენ, რომ შეიმჩნევა როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ტურისტების სიმრავლე, რაც გარკვეულწილად შავი ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ნეგატიურ ინფორმაციას უკავშირდება.
ამ ეტაპზე სასტუმრო ,,ბანგურიანი მესტიაში“ სრული დატვირთვით მუშაობს. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან კომპანიის მენეჯერმა სოფო ნავერიანმა განაცხადა.
„სვანეთისთვის ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სეზონია. საკმაოდ წამოვიდა დატვირთვა. შარშანდელთან შედარებით, ჩვენი სასტუმრო სრული დატვირთვით მუშაობს. უცხოელი ტურისტების მხრიდან დიდი მოთხოვნაა, აქტიურობენ ადგილობრივებიც.
აშკარად ჩანს, რომ ზღვაზე დასვენებისგან ადამიანები თავს იკავებენ. იმ ნაწილმა, რომელიც აქამდე ზღვას ანიჭებდა უპირატესობას, არჩევანს უკვე მთაზე აკეთებს“, - ამბობს სოფო ნავერიანი. რაც შეეხება გამოწვევას, სასტუმროს მენეჯერის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია იმ დონეზე, რომ მომხმარებელი კმაყოფილი დარჩეს, თუმცა ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ ხშირად პრობლემაა, რაც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. ,,ინფრასტრუქტურული საკითხები მეტ-ნაკლებად მოგვარებულია. შეიძლება მაღალი დონის კომფორტი არ არის, მაგრამ რეგიონში დასვენებისთვის ნორმალური პირობაა შექმნილი. სიმართლე ითქვას, ვინც სვანეთს ირჩევს, კომფორტს ისედაც ნაკლებად ელოდება. მთაში დასვენება ძირითადად ტრადიციებთან, განსხვავებული ცხოვრების წესთან ასოცირდება, რაც ტურისტებს ყველაზე მეტად იზიდავს. ტრადიცია მოსწონთ, გასტრონომია და სხვა, ვცდილობთ, ნატურალური კერძები შევთავაზოთ, ამისთვის ყველანაირად ვართ გამართული. თუმცა ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ სვანეთში გარკვეული პრობლემაა და ეს დისკომფორტს ნამდვილად იწვევს“, - ამბობს სასტუმროს მენეჯერი.
ამ ეტაპზე „ბანგურიანში“ 36 ნომერია. მიმდინარე სეზონზე სასტუმროს დატვირთულობა 100%-ს აღწევს.
უახლესი