ზემო რაჭაში, შოვში მდებარე სასტუმრო G&M Shovi-Racha Resorts-ის მენეჯერი ჯენი სულთანიშვილი ამბობს, რომ სასტუმრო ჯავშნების მისაღებად მზად არის. სასტუმრო ტურისტებს 15 ივლისიდან ელოდება.
„G&M Shovi-Racha Resorts-ში განთავსების ღირებულება 2 ადამიანზე ერთ ნომერში 70 ლარიდან იწყება და კვების რაციონისა და ნომრის ტიპის მიხედვით იცვლება“, - ამბობს Business Insider Georgia-თან სასტუმროს მენეჯერი. .
შოვში მდებარე 30-ნომრიანი სასტუმრო 2000 წლიდან ოპერირებს და სტუმრებს სტანდარტულ და საოჯახო ტიპის ნომრებს 2-3-4 პერსონაზე სთავაზობს. როგორც სასტუმროს მენეჯერი აცხადებს G&M Shovi-Racha Resorts ერთდროულად 70-80 ადამიანის გამასპინძლება შეუძლია.
„დღეს სასტუმრო „რაჭა“ სტუმრების მისაღებად მზად არის. ჩვენთან მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დასვენება ნებისმიერი სეგმენტის სტუმარს შეუძლია. უმთავრესი კი ის არის, რომ ჩვენი ნომრებიდან კავკასიონზე ულამაზესი ხედები იშლება. სტუმრებს როგორც სამჯერად კვებას, ასევე ადგილზე მცირე სამზარეულოს ვთავაზობთ, სადაც კერძების მომზადებას თავად შეძლებენ“, - აღნიშნავს ჯენი სულთანიშვილი.
შოვი ზღვის დონიდან 1600 მეტრზე, თბილისიდან 265 კმ-ში მდებარეობს. კლიმატი საშუალო ალპურია. შოვში ზამთარი ცივი და თოვლიანია, ზაფხული კი ზომიერად თბილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 17 °C). აღსანიშნია, რომ უძრავი ქონების განვითარების კომპანია “სიმეტრიას“ თაოსნობით, 2017 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს კურორტ შოვის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებისთვის აუცილებელი სამუშაოები. რეგიონში განვითარების პროექტის ძირითადი პარტნიორები სასტუმრო "სანსეტ შოვი", სასტუმრო G&M Shovi-Racha Resorts და პანსიონატი "მამისონი" არიან, რომლებიც კურორტის ისტორიული ტერიტორიის ძირითად ნაწილს ფლობენ.
დღეს არსებული განვითარების გენერალური გეგმის თანახმად, კურორტზე 5*, 4* და 3* სასტუმროების, კოტეჯების, სპორტული, გასართობი და ბალნეოგიურ-რეკრეაციული დანიშნულების ინფრასტრუქტურის შექმნაა დაგეგმილი, რაც კურორტს ოთხივე სეზონზე მოსანახულებლად და დასასვენებლად ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ადგილად აქცევს. წარმოდგენილი გეგმით განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციის მოცულობა 130 მილიონ დოლარს აჭარბებს. კურორტზე არსებულ სასტუმროებს კი მართვას უწევს სასტუმროების საერთაშორისო მმართველი კომპანია Hotel Collection International.
უახლესი