2023 წლის ბოლოსთვის საქართველო ტურიზმიდან 4 მლრდ დოლარის შემოსავალს ელოდება. ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრია აღდგენას სწრაფი ტემპით განაგრძობს და ეს იმ ფონზე, როდესაც ბოლო წლებში საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას სამი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი დააკლდა.
როგორც Business Insider Georgia-სთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, შემოსავლების კუთხით ქვეყანამ 3 კვარტლის მაჩვენებლებით 2019 წლის მონაცემები უკვე გააუჯობესა, ხოლო ტურისტების რაოდენობის მხრივ 95%-იან აღდგენას აფიქსირებს.
„მიმდინარე პერიოდში ჩვენ ძალიან აქტიურად ვხვდებით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ მათ მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა გავაცნოთ, ერთად ვიმსჯელოთ და ერთად დავამტკიცოთ ის. ბიზნესის წარმომადგენლებთან შევჯერდით იმაზე, რომ ასეთი რთული წელი გლობალურად ტურიზმს არ ახსოვს, თუ კი კოვიდ-ს არ ჩავთვლით. მინდა სიღრმეებში ჩავიდე და გითხრათ, თუ რა პირობებში შევძელით და გავზარდეთ ტურიზმიდან შემოსავლები ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ფაქტობრივად გავედით 95%-იან აღდგენაზე, როდესაც ვსაუბრობთ ტურისტულ ვიზიტებზე. ეს არის უკვე დიდი წარმატება, მაგრამ თუ უკან ვნახავთ რასთან გამკლავება მოგვიწია და დღეს რას ვუმკლავდებით კერძო სექტორთან ერთად, ეს კიდევ უფრო მეტად მეტყველებს თუ რამდენად ძლიერია ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია.
ერთის მხრივ ჩვენ გაქვს ტრადიციული ბაზრები და იცით, რომ ჩვენ ნაწილობრივ გვიწევს მუშაობა აზერბაიჯანის ტურიზმის ბაზარზე, რამეთუ სახმელეთო საზღვარი აზერბაიჯანთან კვლავ დაკეტილია. იცით, რომ სახმელეთო საზღვარს ძალიან დიდი გამტარუნარიანობა აქვს ყველა ქვეყანასთან მიმართებაში. სახმელეთო საზღვარი რომელ ქვეყანასთანაც აქვს ნებისმიერ ქვეყანას მათ ტურისტულ ნაკადებში წილი ტრადიციულად ყველაზე მეტია და ეს ბუნებრივი პროცესია. სახმელეთო საზღვრით გამტარუნარიანობა მგზავრთნაკადის, ვიზიტორების ბევრად მეტია“, - ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.
მისივე განმარტებით, ამ ფაქტის გამო ტურიზმის ინდუსტრიას საკმაოდ დააკლდა ვიზიტორები.
„მე მიხარია, რომ მეორეს მხრივ ვხედავთ საჰაერო ფრენების და სიხშირეების ზრდას აზერბაიჯანიდან. თუმცა საჰაერო მიმოსვლა ვერასოდეს გაუთანაბრდება სახმელეთო გზით შემოსული ტურისტული ნაკადების გამტარუნარიანობას. უკვე გაქვს ის მოცემულობა, რომ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მიმდინარე წელსაც სრულად ვერ მოვახდინეთ ტურისტული ნაკადების დაბრუნება აზერბაიჯანიდან. მეორეს მხრივ იცით, რომ უკრაინა იყო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის.
მიმდინარე ვითარების ფონზე, სამწუხაროდ ჩვენს ტურისტულ ბაზარს სრულად გამოაკლდა უკრაინის ტურისტული ბაზარი. და ახლა უკვე ისრაელიც - შეიძლება თამამად ითქვას, რომ სამი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენი ქვეყნის, ტურიზმის და ასევე ავიაციის კუთხით. გვიწევს ამ რეალობასთან გამკლავება. კერძო სექტორთან ერთად მუდმივ კავშირზე ვართ, რათა კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ დივერსიფიკაციის პოლიტიკა. ყველაფერი ეს ჩვენ, ბიზნესთან ერთად მიგვითითებს იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია დივერსიფიკაცია, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტურისტულ ნაკადებზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რამდენიმე ქვეყანასთან გვქონდეს ისეთი ძლიერი კავშირები საჰაერო, მათ შორის სახმელეთო, იმისთვის რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ქვეყანაში ტურისტული ნაკადების შემოსვლა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მსყიდველუნარიანი ტურისტების. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ციფრები ამაზე მეტყველებს, ჩვენ სწორი სამოქმედო გემით და სწორი კამპანიებით, სწრაფი რეაგირებით, რაც ტურიზმში არის ერთ-ერთი გადამწყვეტი, შევძელით ის, რომ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია გაიზარდა. გაიზარდა უფრო მეტად ვიდრე ეს შეიძლება წარმოდგენილი ჰქონოდა ბერ ადამიანს.
ჩვენ ვიყავით ძალიან აქტიურები ისეთ ქვეყნებში როგორიცაა სპარსეთის ყურის ქვეყნები, ევროპული ქვეყნები, განსაკუთრებული წარმატება გაქვს გერმანიის ტურისტულ ბაზარზე. ალბათ გამოვყოფდი იმ მიმართულებით, რომ წარმატებით ვაწარმოეთ მოლაპარაკებები არაერთ ავიაკომპანიასთან და გერმანიის ტურისტული ბაზრიდან, გერმანიის 7 ქალაქიდან 5 ავიაკომპანია დღეს ასრულებს პირდაპირ ფრენებს“, - ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, იმავდროულად პოლონეთი კვლავ განაგრძობს იყოს ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მზარდი მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის.
„რა თქმა უნდა უნდა შევეხოთ ანალოგიურად ყურის ქვეყნებსაც: საუდის არაბეთი, გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი, კატარი. ეს არის ის მიმართულებები, რომლებიდანაც სწორი პოლიტიკით მუდმივად ვზრდით საქართველოზე მოთხოვნას. ვხედავთ, რომ კერძო სექტორი ჩვენთან ერთად ძალიან აქტიურია. ისინი მუდმივად აწარმოებენ მოლაპარაკებებს ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან, ჩამოჰყავთ ბევრი ტურისტი. და ეს ყველაფერი ერთად აისახება იმაზე,რომ მიმდინარე წელს ჩვენ შევძელით და გავზარდეთ საშუალო ღამისთევების რაოდენობა. გავზარდეთ და გავაუმჯობესეთ ტურისტული სტრუქტურა, ვხედავთ, რომ ქვეყანაში საჰაერო გზით შემოდის კიდევ უფრო მეტი მსყიდველუნარიანი ტურისტი, რაც პირდაპირ პროპორციულად ისახება ჩვენს ქვეყანაზე, სახელმწიფო ბიუჯეტზე და პირველ რიგში ვიტყოდი, რომ კერძო სექტორის შემოსავლებზე, შემდგომ კი დასაქმების ადგილებზე. ჩვენ 3 კვარტალში ტურიზმიდან 3,5 მლრდ დოლარის შემოსავალი მივიღეთ.
წლის ბოლომდე ბევრი აღარ დარჩა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაძლოა ქვეყანამ მიიღოს 4 მლრდ დოლარზე მეტი ტურიზმიდან, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ის დინამიკა, რომელიც ჩვენ ტურიზმში გაქვს, ის მოლოდინები, რომელიც კერძო სექტორთან ერთად გაქვს წლის ბოლოსთვის იქნება გამართლებული“, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან მარიამ ქვრივიშვილი.
უახლესი