ფერმის ტერიტორიაზე ჩვენ გვყავს 3 200 მეწველი ძროხა. ყოველდღიურად ფერმაში რძის წარმადობა 45 ტონას შეადგენს,- განაცხადა „ყვარლის ბაგის“ დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა.
მისი თქმით „ყვარლის ბაგას“ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოსგან შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში.
დღეს „ყვარლის ბაგას“ საწარმოო პროცესი გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ შეაფასა.
„ყვარლის ბაგა“ კახეთის რეგიონში, უფრო კონკრეტულად კი ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ფლობს მერძეული მიმართულების ფერმას, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალმწარმოებლური ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვით, კერძოდ ჰოლშტინის ჯიშის ძროხებით. აღნიშნული ჯიში ცნობილია, როგორც მსოფლიოში ყველაზე მაღალ პროდუქტიული ჯიში.
ფერმა აგებულია სრულად ისრაელის ფერმის მოდელის მიხედვით, რომელსაც მთელი რიგი უპირატესობები აქვს ტრადიციულ ევროპულ მოდელთან შედარებით. ეს ეხება, როგორც პირუტყვის კომფორტს და ჯანმრთელობას, ასევე პროდუქტიულობასაც.
ფერმაში პირველი 132 სული ძროხის ჩამოყვანა მოხდა 2013 წელს და უკვე 3 200 სულამდე საქონელს ითვლის. ფერმის დღიური წველადობა საშუალოდ 23-25 ტონა რძეს შეადგენდა. ბოლო მონაცემებით წარმადობა 45 ტონამდეა გაზრდილი.
„ყვარლის ბაგის“ რძით მარაგდებიან ადგილობრივი ბაზრის რძის პროდუქტების მწარმოებელი მსხვილი კომპანიები. რძის ხარისხი კონტროლდება ყოველდღიურად, ფერმაში არსებული თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობის საშუალებით, გარდა ამისა საბოლოო ხარისხის კონტროლი ხდება თავად გადამამუშავებელ კომპანიებში, შესაბამისად „ყვარლის ბაგა“ არის პირველი და ერთადერთი ინდუსტრიული რძის მწარმოებელი ფერმა რეგიონში, რომელიც ყოველთვის მაღალი ხარისხის რძეს აწარმოებს.
„ყვარლის ბაგა“ 2013 წელს 30 მილიონი დოლარის ინვესტიციით შეიქმნა. ფერმაში 150 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი