დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შავი ზღვის  კაბელის პროექტი ქვეყანას, ევროპასთან მწვანე ენერგიის პირდაპირ ექსპორტის შესაძლებლობას მისცემს - დავით ნარმანია

შავი ზღვის კაბელის პროექტი ქვეყანას, ევროპასთან მწვანე ენერგიის პირდაპირ ექსპორტის შესაძლებლობას მისცემს - დავით ნარმანია

09-02-2024 18:20:00

„მწვანე ენერგიის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს როგორც საერთაშორისო ვალდებულებაა, ასევე ქვეყნის ეროვნული და ეკოლოგიური ინტერესებიდანაც გამომდინარეობს“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ ქვეყანა ცდილობს მეტი განახლებადი ენერგია აწარმოოს, რათა უკეთ იყოს დაცული გარემო, მოხდეს ქვეყნის ენერგიის მიმართ მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება და ჭარბი ენერგიის საექსპორტოდ გატანა. 

„ამ კუთხით მნიშვნელოვანია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომლის პოზიტიური შედეგებიც ქვეყანას ევროპასთან მწვანე ენერგიის პირდაპირ ექსპორტის შესაძლებლობას მისცემს.

სახელმწიფო პოლიტიკა ორიენტირებულია ევროკავშირთან ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისკენ. ამასთან, დამტკიცებულია მთელი რიგი მარეგულირებელი აქტები და ხელშემწყობი ღონისძიებები, რათა მეტი განახლებადი ენერგია იქნას ქვეყანაში წარმოებული.

ამ გზაზე პრობლემა და გამოწვევაც არაერთია. მაგალითად, შეფერხებულია კაშხლიანი ჰესების მშენებლობა, რადგანაც მაღალია ცალკეული ჯგუფების სოციალური პროტესტი. უკეთესი/გახსნილი კომუნიკაცია და სოციალური ჩართულობის გეგმა შეამცირებს საზოგადოების წინააღმდეგობას და ინვესტირების რისკს დეველოპერებისთვის. ამდენად, ამ თვალსაზრისით აუცილებელია გაგრძელდეს მუშაობა. 

ევროინტეგრაციის ამოცანების შესრულება ენერგეტიკის სექტორში და მწვანე შეთანხმების სამიზნე ინდიკატორების მიღწევა, მწვანე ენერგიის ხელშეწყობა და მეტი გენერაციის ასეთი ობიექტების შექმნა საბოლოო ჯამში ენერგეტიკის და ეკოლოგიის ბალანსს უზრუნველყოფს. ეს კი უკეთეს ენერგოუსაფრთხოებას მოგვცემს, უკეთ იქნება უზრუნველყოფილი ადგილობრივი ენერგომოთხოვნა და გაჩნდება მეტი საექსპორტო ენერგიაც, რაც უცხოური ვალუტის ნაკადების შემოდინებას უზრუნველყოფს“, - აცხადებს ნარმანია.

სემეკის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაციის შეფასებით, ჰიდრორესურსები საქართველოს მნიშვნელოვანი ბუნებრივი სიმდიდრეა და რომ ენერგიის საწარმოებლად შესაძლოა, დაახლოებით 300 მდინარე იყოს გამოყენებული: 15000 მგვტ დადგმული სიმძლავრით და 50 ტრვტ წარმოების პოტენციალით. 

„აღნიშნული რესურსებიდან, მხოლოდ 22,5%-ია გამოყენებული. საქართველოს გააჩნია ასევე 4 ტრვტ (1500 მგვტ) ქარის ენერგიის და მზის ენერგიის წარმოების საუკეთესო პოტენციალი (250-280 მზიანი დღე წელიწადში, 1900-2200 საათი მზის ნათებით) 108 მგვტ ოდენობით (IEA, 2023)“, - აცხადებს ნარმანია. 

რაც შეეხება საქართველოში მწვანე ენერგიის წარმოებას, ამ მხრივ წამყვანი ჰიდროელექტროსადგურებია (ე.წ. ტრადიციული ჰიდროენერგეტიკა), რომლებიც გამოიმუშავებენ მთელი ენერგიის დაახლოებით ¾-ს. 

„შემდეგ მოდის ბიოსაწვავი (ძირითადად შეშა) და ნარჩენები, რომლის წილიც 2022 წელს 16%-ს შეადგენდა, გეოთერმული, მზის და ქარის ენერგია კი სულ რაღაც 5% იყო. დანარჩენი წილი კი ენერგიის ისეთ სხვა წყაროებს ეჭირა, როგორიცაა ქვანახშირი, ბუნებრივი გაზი და ნედლი ნავთობი.

საკმაოდ საინტერესოა ბოლო ათწლეულში წარმოებული ელექტროენერგიის წარმოების ტენდენციები, ძირითადი წყაროების მიხედვით. აქაც რასაკვირველია ჰიდროელექტროსადგურები დომინირებს (მთელი წარმოების 3/4), შემდეგ მოდის თბოსადგურები (დაახლოებით ¼), ხოლო მცირე 1%-მდე წილი უჭირავს ქართლის ქარის სადგურს (გორი), რომელიც ჯერ-ჯერობით ერთადერთია საქართველოში. თუმცა, მშენებლობა-პროექტირების სტადიაზეა რამდენიმე ქარის ახალი სადგური.

ამასთან ერთად, დამატებით მწვანე ენერგია იქმნება სემეკის რეგულაციით შექმნილი 500 კილოვატამდე დადგმული სიმძლავრის მიკროელექტროსადგურების მიერ. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აქტიური იყო ბოლო 3 წელი.

2023 წლის ბოლოს ჯამში მიკროსიმძლავრეების დადგმულმა სიმძლავრემ 65 მგვტ-ს მიაღწია და 1000-ზე მეტი ასეთი ობიექტია მთელი ქვეყნის მასშტაბით განფენილი (ძირითადად მზის პანელების სახით). მათ მიერ წარმოებული ენერგიის ნაწილი მომხმარებლების მიერ მოიხმარება, ხოლო ჭარბი ენერგია გადაედინება გამანაწილებელ ქსელში, მიეწოდება სხვა მომხმარებლებს და სადგურის მესაკუთრე წელიწადში ერთხელ სემეკის დადგენილი წესით იღებს შესაბამის საფასურს“,- აღნიშნავს დავით ნარმანია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები